შპს “აჭარის ელექტროკავშირი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2005
მიღების თარიღი ივლისი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „აჭარის ელექტროკავშირმა“ (რეგისტრირებული ქ.ბათუმის სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის N 01/04-2035 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (201/7, 29.06.2005წ.), საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაცის რესურსით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აჭარის ელექტროკავშირმა” 2005 წლის 29 ივნისს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია, რომელშიც მომსახურების სახედ განსაზღვრულია საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება და გაიარა ავტორიზაცია კომისიაში. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „აჭარის ელექტროკავშირს“ საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 8-6-1 (რვა-ექვსი-ერთი) 10 წლის ვადით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნუმერაციის რესურსით 8-6-1 (რვა-ექვსი-ერთი) სარგებლობის ლიცენზია N N 2 შპს “აჭარის ელექტროკავშირს” საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის ვადით;
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს “აჭარის ელექტროკავშირი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
