წვდომის მენიუ

შპს “TV ERA’’-სთვის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 514 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  შპს “TV ERA’’-მ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის  N5/ბ-88 დადგენილებით, რეგისტრაციის N 01/04-1613) კომისიას მიმართა განცხადებით (N26, 23.06.2005 წ.), საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “TV ERA’’-ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

     “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ლ” , „ჯ“  და “ჰ2” ქვეპუნქტების,  36-ე, 38-ე და 41-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს კერძო მაუწყებლობის  N B 2 ლიცენზია  შპს “TV ERA’’ –ს;

ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ.ბათუმი;

2. შპს “TV ERA’’ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი ნიშნის მინიჭებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;

მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე;

ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე  საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

ო) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

პ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;

ჟ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს  (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები