წვდომის მენიუ

შპს “ტელე-რადიო კომპანია თვალი”-ს გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 518 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

        კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის (ი. აბულაძე) 2005 წლის 1 ივლისის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “ტელერადიო კომპანია თვალს” (რეგისტრირებული საგარეჯოს რაიონული სასამართლოს №50/2-3 დადგენილებით), რომელიც ფლობს №181 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა, მოქმედების ვადა - 08.10.1996-31.12.2011 წლები) 2005 წლის 29 ივნისის მდგომარეობით მთლიანობაში ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 2,994.59 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 59 თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეფარა 2004 წლის 31 იანვრამდე, აგრეთვე კომპანიას ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 233.26 (ორას ოცდაცამეტი ლარი და 26 თეთრი) ლარი.

        ზემოაღნიშნული ქმედებით კომპანია არღვევს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

      კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე  სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა შპს “ტელე-რადიო კომპანია თვალის” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს “ტელე-რადიო კომპანია თვალი”, რათა აღმოფხვრას არსებული დარღვევა 2005 წლის 12 აგვისტომდე და უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონიების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს “ტელე-რადიო კომპანია თვალს” 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ N1ა ) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები