მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის მიზნით ინფორმაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2005 წლის 12 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება “მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა სატელეფონიო კომპანიას, რომელიც “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს ადგილობრივი კავშირის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებას, დაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2005 წლის 3 აგვისტო.
2005 წლის 9 აგვისტოს კომისიაში გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ ინფორმაცია წარმოდგენილი აქვს მხოლოდ: შპს “ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს “ვანექსს”, შპს “ტექნომედიას”, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციებს”, შპს “სუფსა ტექნოკომს” და შპს “მაკროკომს”. ინფორმაცია არასრულად წარმოადგინა შპს “ახალ ქსელებმა”, შპს “ახტელმა” და შპს “საქართველოს ტელეკომმა”.
კომისია აღნიშნავს, რომ ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია ბაზრის კვლევის და ანალიზის ჩატარება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ა.მელიქაძემ მოითხოვა ვადა ინფორმაციის წარმოდგენის თარიღის დაზუსტებისათვის.
2005 წლის 16 აგვისტოს ჩატარდა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საკითხი მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის მიზნით ინფორმაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ. კომისიის სხდომაზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორმა ნ.ადეიშვილმა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოსადგენად მოითხოვა ვადა - სექტემბრის თვის დასაწყისიდან 2-3 კვირა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს ვადა მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევისა და ანალიზის მიზნით ინფორმაციის წარმოდგენისთვის 2005 წლის 16 სექტემბრამდე;
2. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, შპს „იბერიატელმა“, შპს “ახალმა ქსელებმა” , შპს „ახტელმა“, შპს „ივერია ქსელმა“ , შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“, შპს „ალკომმა“, შპს „აიეტმა“, შპს „ჯორჯია ონლაინმა”, შპს „ჯეონეთმა“, შპს „ულტრა კომუნიკაციებმა“, შპს „საქაერონავიგაციამ“, შპს „მეტაკომმა“, სს „გლობალ ერთმა“, სს „ტელენეტმა“, შპს “ინფოტელმა”, შპს „კაჭრეთის ახალმა ქსელებმა“, შპს „ინფოჯორჯია XXI“-მ, შპს „საბატელმა“, შპს „კავკაზუს ნეთვორკმა”, შპს “სელკომმა”, შპს „სერვისმა“, შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომმა“, შპს „სანეტმა”, შპს „აჭარის ელექტროკავშირმა“, ი/მ კონსტანტინე ასათიანმა, შპს „მაგთიკომმა“, შპს “საქართველოს ტელეკომმა” კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად წარმოდგენა 2005 წლის 16 სექტემბრამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
