საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 19, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით თბილისის სამაუწყებლო ზონაში. განისაზღვრა: დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2005 წლის 2 ივნისის 17:00 საათი, საკონკურსო სხდომის თარიღად - 2005 წლის 18 აგვისტოს 13:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობად – 11 583 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი) ლარი; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს “კორტესი-გიდაგომ“.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 19 აგვისტოს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “კორტესი-გიდაგოს“ დირექტორი გ. მახარაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს “კორტესი-გიდაგოს“ დირექტორმა, ბატონმა გ. მახარაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 11 583 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “კორტესი-გიდაგო“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 11 583 (თერთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი) ლარი;
2. სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2 316.6 (ორი ათას სამას თექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1 158.3 (ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გამოკლებით (1 158.3 - ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 19 სექტემბრამდე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 9.266,4 (ცხრა ათას ორას სამოცდაექვსი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტში გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შპს “კორტესი-გიდაგოს“ ლიცენზიის გაცემის თაობაზე;
7. შპს “კორტესი-გიდაგოს“ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 19 სექტემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
8. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
