წვდომის მენიუ

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს “სანეტის` და შპს “ჯორჯია ონლაინის” განცხადებების განხილვის შესახებ

ნომერი: 575 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 26, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 9 აგვისტოს კომისიაში გაიმართა მომსახურების ბაზრის სეგმენტების -  სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის თაობაზე საკითხის ზეპირი მოსმენა. ზეპირ მოსმენაზე შპს “სანეტის” და შპს “ჯორჯია ონლაინის” მიერ დაყენებული იქნა საკითხი კომისიის წინაშე, რომ მანამ, სანამ სს  „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ წარმოადგენს კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რაც აუცილებელია სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზისათვის, კომისიამ შეაჩეროს სს  „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დადგენილი სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების  ტარიფი.

ამავე დროს, კომისიას მიმართა სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (წერილი N 14-1-146, 12.08.05წ.) და მოითხოვა კომისიის 2005 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების “მომსახურების ბაზრის სეგმენტების -  სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი, რომ ავტორიზებულ პირს, რომელიც არ არის ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შეუჩეროს ან აუკრძალოს ტარიფის გამოყენება.

კომისიამ სს  „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს “სანეტის` და შპს “ჯორჯია ონლაინის”  განცხადებები განიხილა კომისიის სხდომაზე 2005 წლის 26 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ახალმა ქსელების”, შპს „სანეტის”,  შპს „ჯორჯია ონლაინის”, შპს „ვანექსის”, შპს „კავკაზუს ნეტვორკის” და შპს „სი-ჯი-სის” ერთობლივ განცხადებაში (N 6/438-05, 27.06.2005 წ.), რომლის საფუძველზეც დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, მოცემული იყო ორი მოთხოვნა: სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურების და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების  ტარიფების აკრძალვის თაობაზე. კომისიამ, განიხილა რა ერთობლივი განცხადება, მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ტარიფის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების სეგმენტის კვლევის და ანალიზის დასრულებამდე სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  უნდა უზრუნველყოს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურება 2005 წლის 25 ივნისამდე არსებული ტარიფით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ როგორც სს  „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, აგრეთვე შპს “სანეტის` და შპს “ჯორჯია ონლაინის”  განცხადებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს კომისიის 2005 წლის 12 ივლისის N491/22 გადაწყვეტილების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს და გა­დაწ­ყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო, თუ იქ არ­სე­ბობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გა­მომ­ცე­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ან სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი.  კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია კომისიის, როგორც კოლეგიური ორგანოს მიერ და  არ არსებობს კომისიის ზემდგომი ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი. კომისიის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებით, საჩივარის განხილვაზე უფლებამოსილია სასამართლო და არა კომისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას სს  „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;

2. უარი ეთქვას შპს “სანეტს` და შპს “ჯორჯია ონლაინს”  ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

            კომისიის თავმჯდომარე:                                  დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები