წვდომის მენიუ

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

ნომერი: 595 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2005 წლის 3 აგვისტოს შემოვიდა შპს „ელექტრონულ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ წერილი, რომლის შესაბამისად კომისიას ეცნობა, რომ 371.800 მგჰც სიხშირეზე დაფიქსირდა რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირება კოჯრის მხრიდან (სავარაუდოდ რუსული ნაწილის განლაგების მიმართულებით) 100 კჰც სიხშირული ზოლით და 40 დბმკვ/მ ველის დაძაბულობით. რადიოსიხშირეებზე მუდმივი დაკვირვების პუნქტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნულ სიხშირეზე პერიოდულად ისმინება რუსულ ენაზე საუბრები.

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება არღვევს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად რადიოსიხშირეების გამოყენება დაიშვება მხოლოდ მათი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების შემთხვევაში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმასაც, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფი არამართლზომიერად იყენებს რადიოელექტრონულ საშუალებებს, რითაც იმავდროულად არღვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1443 –ე მუხლის მოთხოვნებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

            კომისია აღნიშნავს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მხრიდან რადიოსიხშირეების უნებართვო, კომისიის მიერ რადიოსიხშირეთა მინიჭების გარეშე გამოყენებას სისტემატური ხასიათი აქვს, რის თაობაზეც ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებას არაერთხელ ეცნობა (შპს „ელექტრონულ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ მიერ 2003 წელს გაეგზავნა გამაფრთხილებებლი წერილები N165/12.03.2003, N373/30-03.06.2003, ასევე 2004 წელს, წერილები: 439/30-16.07.2004, N392/3 -30.06.2004).

 მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებამ, მხოლოდ მას შემდგომ მიმართა კომისიას სათანადო განცხადებით რადიოსიხშირეების მინიჭების თაობაზე, რაც კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა (გ. სულუხია) კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის N 6/14 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  2005 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში მის: უნივერსიტეტის ქ. N2 შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსი (პოლოკოვნიკი ი.ბ შტოფერი) უარყოფს მათ მიერ 371.800 მგჰც სიხშირის გამოყენების ფაქტს, კომისია ითავლისწინებს, რომ:

1)  ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებას არ გააჩნია ლეგალიზებული – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული რადიოსიხშირეები;

2) შპს „ელექტრონულ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსიხშირეებზე მუდმივი დაკვირვების პუნქტიდან სისტემატურად ფიქსირდება მათ მიერ რადიოსიხშირეების გამოყენების ფაქტები.

შესაბამისად, კომისიას დადასტურებულად მიაჩნია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

            ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1443-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1443-ე მუხლის შესაბამისად, დაედოს ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

2. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფმა უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩარიცხვა ვაკე-საბურთალოს რაიონის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშზე ა/ა 507121604, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი N220101107, სახაზინო კოდი 3179 და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს კომისიაში 15  დღის განმავლობაში;

3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისათვის დროული მიწოდება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ N1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები