კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N410 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით თბილისის სამაუწყებლო ზონაში. განისაზღვრა: დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2005 წლის 14 ივლისის 17:00 საათი, საკონკურსო სხდომის თარიღად - 2005 წლის 23 სექტემბერის 15:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობად – 10.692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N410 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”ხარისხის მართვის ინსტიტუტმა“, კავშირმა “საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ” და შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა”.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 23 სექტემბერს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ხარისხის მართვის ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი მ. გუგეშაშვილი, კავშირი “საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე ა. სტეფანიანი და შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” წარმომადგენელი ნ. ნერგაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისია გამარჯვებულის გამოსავლენად ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
კერძო საეთერო რადიომაუწყებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ანალიზის ჩატარების შედეგად პრიორიტეტულედ იქნა მიჩნეული შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” -ს მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია. უპირატესობის მინიჭების საფუძველი – საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციებიდან მხოლოდ შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”–ს კონცეფციაში არის სრულად წარმოდგენილი რადიოსადგურის სამომავლო პროგრამირება, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობა. აგრეთვე, მხოლოდ შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” -ს მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია, ითვალისწინებს 24 საათიან მაუწყებლობის ხანგძლივობას.
ორივე კრიტერიუმის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”
კონკურსში მონაწილე შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, ბატონმა ნ. ნერგაძემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 10.692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10.692,00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი;
2. სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2.138,40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1 069.20 (ერთი ათას სამოცდაცხრა ლარი და ოცი თეთრი) ლარის გამოკლებით (1 069.20) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 23 ნოემბრამდე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 8.553,60 (რვა ათას ხუთას ორმოცდაცამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტში გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ლიცენზიის გაცემის თაობაზე;
7. შპს “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 23 ნოემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
8. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (დ.ქუთათელაძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
