შპს “ტვ სპექტრისათვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 2 აგვისტოს № 6/9 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე ბრძანებით შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს “ტვ სპექტრი”, რომელიც ფლობს №1431 ლიცენზიას (საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “CNN TELLE TEXT”- ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. შპს “ტვ სპექტრს” კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული შემოწმების აქტისა და მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2005 წლის 1 ივლისის № 449/22 გადაწყვეტილებით შპს “ტვ სპექტრი” გაფრთხილებული იყო .
2005 წლის 23 სექტემბერს, კომისიის სხდომაზე განხორციელდა მონიტორინგის ჯგუფის წევრების და შპს “ტვ სპექტრის” წარმომადგენელთა ახსნა განმარტებების მოსმენა, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ყოველმხრივი გამოკვლევის და შეჯერების საფუძველზე დადგინდა ორი გარემოება:
ა) საკაბელო ქსელით ხორციელდება არა “CNN”-ის არამედ “CNN TELLE TEXT”-ის რეტრანსლაცია;
ბ) “CNN TELLE TEXT”-ი არ წარმოადგენს სამაუწყებლო არხს, რომლის მეშვეობითაც გადაიცემა პროგრამები ანუ არ წარმოადგენს ტელერადიო პროდუქციას, (პროგრამას).
ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება შპს “ტვ სპექტრისათვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
დ. პატარაია
ზ. ნონიკაშვილი
