შპს “ტვ ERA”-ს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 2 აგვისტოს № 6/9 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმების აქტი შედგენილ იქნა 2005 წლის 13 აგვისტოს კომპანიის აბონენტის გამოკითხვისა და მასთან ერთად აუდიოვიზუალური შემოწმების მეთოდით (ძებნის მეთოდი, გადამრთველი პულტით).
შემოწმების აქტისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს “ტვ ERA”, რომელიც ფლობს №1402 ლიცენზიას (საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “РТР Спорт Планета” “Reality Tv” “НТВ Кинохит” “Муз ТВ”, “FaShion tv”, “СТС” “НТВ Футбол”, “ТНТ”, “ТВ...” -ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. შპს “ტვ ERA”-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტვ ERA”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) შემოწმების აქტის საფუძველზე, აგრეთვე მის მიერ ჩატარებული დამატებითი გამოკვლევის შედეგად დაადასტურა შპს “ტვ ERA”-ს მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ტვ ERA” კომისიის 2005 წლის 1 ივლისის № 443/22 გადაწყვეტილებით გაფრთხილებული იყო, რათა უზრუნველეყო თავის საკაბელო ქსელში არამართლზომიერად არხების ტრანსლიერების შეწყვეტა. სამართლებრივ საკითხთა სამსახურის მიერ ჩატარებული შიდა სამსახურებრივი მოკვლევით დადასტურდა აგრეთვე მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმების ჩატარების პროცედურის კანონიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს “ტვ ERA”-ს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “ტვ ERA”-მ არხების: “РТР Спорт Планета” “Reality Tv” “НТВ Кинохит” “Муз ТВ”, “FaShion tv”, “СТС” “НТВ Футбол”, “ТНТ”, “ТВ...”-ის არამართლზომიერი ტრანსლირება, ამ სამაუწყებლო კომპანიებთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებამდე;
3. შპს “ტვ ERA”-ს ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ან დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.
4. უზრუნველყოს შპს “ტვ ERA”-მ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო რეკვიზიტზე: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ქ. ბათუმი), ა/ა 200122900, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი № 220101107, საბიუჯეტო სახაზინო კოდი (300693179) და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს კომისიაში 15 დღის განმავლობაში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
