შპს “ერასათვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 2 აგვისტოს № 6/9 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მოხსენებითი ბართის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს “ერა”, რომელიც ფლობს №1342 ლიცენზიას (საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: “Eurosport”, “Euronews”, “Music Box”, “Fashion TV”, “СТС”,”ТВ...”, “РТР Спорт Планета”-ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. შპს “ერას” კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
2005 წლის 23 სექტემბერს კომისიის სხდომაზე მოსმენილ იქნა მონიტორინგის ჯგუფის წევრებისა და შპს “ერას” წარმომადგელის ახსნა განმარტებები, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ყოველმხრივი გამოკვლევის და შეჯერების საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს “ერასა” და შპს “აისი +”-ს შორის განხორციელებული ნატურით გაყოფის შესახებ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია კომისიაში არ იყო წარმოდგენილი, აგრეთვე საკაბელო ოპერატორის თანამშრომლების მიერ მიწოდებული არაზუსტი ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმების აქტი შედგენილ იქნა შპს “ერაზე” ნაცვლად შპს “აისი +”-სა.
კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ აღნიშნული საკაბელო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი განმეორებით შემოწმდება, ხოლო ამ ეტაპზე შეწყდება ადმინისტრაციული წარმოება ჯარიმის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მონიტორინგის ჩატარებისას ადგილი ჰქონდა იურიდიული პირის არაზუსტ იდენტიფიკაციას, რამაც შეიძლება სადაო გახადოს კომისიის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება შპს “ერასათვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
