საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 26 ივლისის N 538/16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ 2005 წლის 26 ივლისს მიიღებული იქნა გადაწყვეტილება N538/16 სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,საქართველოს ტელეკომს’’ შორის დავის განხილვის შესახებ.
კომისიას მიმართა შპს “საქართველოს ტელეკომმა” (წერილი N04-574,ნ 06.09.2005წ.) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეცვლის მოთხოვნით, რადგან გადაწყვეტილება არ მოიცავს ისეთი სატელეფონო არხებით გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშსწორების ვალდებულებას (გარდა ნახევრად ავტომატური არხებისა), რომლითაც შპს “საქართველოს ტელეკომის” მიერ რეალურად ხორციელდება მომსახურების გაწევა სს “საქართველოს გაერთიანებული საკომუნიკაციო კომპანიისთვის”. ეს არხებია: ხელით მომსახურების, გატანილი სატელეფონო ნომრებისათვის, სხვადასხვა მომხმარებლის მიერ არენდირებული, სატრანზიტო-სატელეფონო, ტონალური ტელეგრაფის და ოპერატიული მართვის სამსახურის სატელეფონო არხები.
სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” მიიჩნევს (წერილი N14-43-26, 26.09.2005 წ.), რომ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოხდა ორივე ოპერატორის მოსაზრებების გათვალისწინებით და თუ შპს “საქართველოს ტელეკომი” არ ეთანხმება კომისიის N538/16 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს, მას უფლება აქვს იგი გაასაჩივროს სასამართლოში.
2005 წლის 13 ოქტომბერს კომისიამ სხდომაზე განიხლა N538/16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელსაც ესწრებოდნენ შპს “საქართველოს ტელეკომის” (ნ. კახელი) და სს “საქართველოს გაერთიანებული საკომუნიკაციო კომპანიის” (ლ. სონიშვილი, თ.გოთუა) წარმომადგენლები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2005 წლის 26 ივლისის N538/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. უზრუნველყოს სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2005 წლის 1 ივნისიდან შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ რეგიონებთან კავშირისთვის გამოყენებული იმ სატელეფონო არხებით მომსახურებისთვის 10 ლარის გადახდა თვეში, რომლებზეც არ ხდება შპს “საქართველოს ტელეკომსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ საკომუნიკაციო კომპანიას” შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა შპს „საქართველოს ტელეკომისა“ და სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
