წვდომის მენიუ

მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 648 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია განცხადებები” სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ აღიარებისა და სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე. კერძოდ:

1. შპს „ჯორჯიან ონლაინის”, შპს “სანეტის”, შპს „კავკაზუს ნეტვორქის” და შპს „საქართველოს ტელეკომის”  განცხადება (N 6/686-05, 16.09.2005 წ.) ითვალისწინებს საჩივარს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  სხვა ავტორიზებული პირის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებასთან დაკავშირებით: განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” სარგებლობს რა თავისი მდგომარეობით (პრაქტიკულად არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისგან და მისი პოზიცია საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის სეგმენტზე) ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რაც მნიშვნელოვნად ლახავს სხვა ავტორიზებულ პირთა ინტერესებს. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დადგენილი აქვს აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურების ტარიფი 4 ლარი სხვა ავტორიზებული პირებისათვის, ხოლო საკუთარი დავალიანების ამოღების მიზნით აბონენტის გათიშვის ტარიფი დადგენილი აქვს 1 ლარი, ამასთან გათიშვის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია. განცხადებაში მოცემულია მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ადგილობრივი მომსახურების სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ აღიარებისა და სხვა ავტორიზებული პირებისთვის ტელეფონის გათიშვის გადასახადის ტარიფის და გათიშვის ხანგრძლივობის დადგენას იმ ოდენობით და ხანგრძლივობით, რაც დადგენილი აქვს საკუთარი აბონენტებისგან თანხის ამოღებისათვის.

2. შპს „ჯორჯიან ონლაინის”, შპს “სანეტის”, შპს „კავკაზუს ნეტვორქის” და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის (გრენა)  განცხადება (N 6/687-05, 16.09.2005 წ.) ითვალისწინებს საჩივარს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  დადგენილი DSL-ის მონტაჟისა და დემონტაჟის ტარიფის – 20 ლარის ოდენობასთან დაკავშირებით: განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” სარგებლობს რა თავისი მდგომარეობით (პრაქტიკულად არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისგან და მისი პოზიცია საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის სეგმენტზე) ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რაც მნიშვნელოვნად ლახავს სხვა ავტორიზებულ პირთა ინტერესებს. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ დადგენილი ტარიფი არის შეუსაბამოდ მაღალი, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად კი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განხორციელდეს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.  განცხადებაში მოცემულია მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ადგილობრივი მომსახურების სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ აღიარებისა და DSL-ის მონტაჟისა და დემონტაჟის ტარიფის შემცირება ხარჯზე ორიენტირებულ ზღვრამდე.

3.  შპს „ჯორჯიან ონლაინის”, შპს “სანეტის”, შპს „კავკაზუს ნეტვორქის” და შპს “საქართველოს ტელეკომის” განცხადება (N 6/690-05, 16.09.2005 წ.) ითვალისწინებს საჩივარს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკუთარი აბონენტებისათვის შეთავაზებული პაკეტური მომსახურების ფასთან დაკავშირებით:  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკუთარი აბონენტებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში შემავალი ზოგიერთი მომსახურების ფასი არის დემპინგურად დაბალი და მომსახურების სუბსიდირება ხდება  სხვა მომსახურების ხარჯზე, რაც “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. განცხადებაში მოცემულია მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ისეთი ტარიფების დადგენის ვალდებულების დაკისრების თაობაზე, რომ პაკეტში შემავალი ყველა მომსახურება იყოს რენტაბელური და არ მოხდეს პაკეტში შემავალი რომელიმე მომსახურების სუბსიდირება პაკეტში შემავალი მომსახურების ხარჯზე;

 

4.  შპს „ჯორჯიან ონლაინის”, შპს “სანეტის” და შპს „კავკაზუს ნეტვორქის” განცხადება (N 6/689-05, 16.09.2005 წ.) ითვალისწინებს საჩივარს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკუთარი აბონენტების სხვა კომპანიების აბონენტებთან  დაკავშირებისათვის კოდი 8-22-ის გამოყენებასთან და წუთობრივი გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით:  სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” სხვა კომპანიების აბონენტებთან დაკავშირებისთვის 8-22 კოდის შემოღებით და წუთობრივი გადასახადების დაწესებით, მაშინ როდესაც არ შეუცვლია თავის აბონენტებთან დაკავშირების წესი და ტარიფი,  დაარღვია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლების მოთხოვნები. განცხადებაში მოცემულია მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ადგილობრივი მომსახურების სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ აღიარებისა და 8-22 კოდის მოხსნის ან თავისი ქსელის აბონენტის დაკავშირებისთვის იგივე წესის შემოღების, აგრეთვე  თავისი აბონენტებიდან გამავალი წუთობრივი გადასახადის (2 თეთრი) მოხსნისა ან თავისი ქსელის შიგნით იგივე ტარიფის შემოღების შესახებ.

ზემოაღნიშნულ განცხადებებში აგრეთვე გათვალისწინებულია მოთხოვნები სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” კანონით გათვალისწინებული ყველა სპეციფიკური ვალდებულების შესრულების დაკისრებისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტუნარიანობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია. მომსახურების ბაზრის ანალიზის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 

კომისიას მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტს, რომელიც ექვემდებარება კვლევას და ანალიზს, წარმოადგენს აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის -  აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ (ე.ასანიძე);

2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივი კავშირის ოპერატორის მიერ აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  (ნ.ჯანელიძე);

3. საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 18 ნოემბერს 12.00 საათზე; გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

 

            კომისიის თავმჯდომარე:                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები