მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს „ჯორჯიან ონლაინის” განცხადება (N6/686-05) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ აღიარებისა და სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე. განცხადება ითვალისწინებს საჩივარს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შემოღებული ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებით. კერძოდ, განმცხადებელს მიაჩნია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” სარგებლობს რა თავისი მდგომარეობით (პრაქტიკულად არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისგან და მისი პოზიცია საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის სეგმენტზე) ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რაც მნიშვნელოვნად ლახავს სხვა ავტორიზებულ პირთა ინტერესებს. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დადგენილი აქვს ურთიერთჩართვის ტარიფი 4 თეთრის ოდენობით, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელი. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად კი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განხორციელდეს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. განცხადებაში მოცემულია მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ადგილობრივი მომსახურების სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ აღიარებისა და ურთიერთჩართვის ტარიფის 4 თეთრის შემცირება და მისი ასახვა საკუთარ მომხმარებელთა ტარიფში. აგრეთვე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” კანონით გათვალისწინებული ყველა სპეციფიკური ვალდებულების შესრულების დაკისრებისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტუნარიანობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია. მომსახურების ბაზრის ანალიზის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიას მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტს, რომელიც ექვემდებარება კვლევას და ანალიზს, წარმოადგენს ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ (ე.ასანიძე);
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ნ.ჯანელიძე);
3. საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 18 ნოემბერს 12.00 საათზე; გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
