შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ N 251 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით N79, 15.09.05 მიმართა შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა (ლიცენზია N 251 მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე) ქ.ქუთაისში მისი კუთვნილი, სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემის სიმძლავრის (200 ვტ), ერთ კილოვატამდე გაზრდის შესაძლებლობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია „რიონი’’ N251 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, სატელევიზო მაუწყებლობას აწარმოებს დეციმეტრული დიაპაზონის 31-ე სატელევიზიო არხზე 200 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და რადიომაუწყებლობას 105.5 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვატი სიმძლავრის გადამცემით ქ.ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებში და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის მომატების მიზნით, რაც განპირობებულია დეციმეტრულ დიაპაზონში საფიდერო ხაზების მაღალი მილევადობით როგორც გადამცემის, ასევე სატელევიზიო მიმღები ანტენების მოწყობილობებში. აღნიშნულის გამო, სამაუწყებლო არეალში მოსახლეობის მიერ სატელევიზიო პროგრამების მიღების ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს. საკითხის პრაქტიკული შესწავლის მიზნით ჩატარებულ იქნა რადიომონიტორინგით გათვალისწინებული გაზომვითი ხასიათის სამუშაო და თეორიულ გათვლებთან ერთად შედეგები დატანილი იქნა ორგანზომილებიან ტოპოგრაფიულ რუქაზე. სამაუწყებლო სიგნალის მილევების კომპენსაციისა და შესაბამისად, მაუწყებლობის არეალში სამაუწყებლო სიგნალის სტანდარტული დონის მისაღწევად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სატელევიზიო სამაუწყებლო გადამცემის სიმძლავრის მომატება 500 ვატამდე.
გადამცემის სიმძლავრის მომატების შემდგომ, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის’’ სამაუწყებლო არეალის არსებულ საზღვრებში შენარჩუნების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, სიმძლავრის მომატებამდე ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შპს ტელერადიოკომპანია „რიონს’’ განესაზღვროს საკონტროლო წერტილებში (წყალტუბო, სამტრედია, ხონი, ვანი, ბაღდათი და ზესტაფონი), სამაუწყებლო სიგნალის დასაშვები მაქსიმალური დონეები.
ამასთან ერთად, შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა“ კომისიას აცნობა (წერილი N52,28.06.05), რომ ახორციელებს საერთო მაუწყებლობას.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მოდიფიცირებულ იქნეს შპს ტელერადიოკომპანია „რიონის’’ კერძო მაუწყებლობისN251 ლიცენზია და ლიცენზიის სახე და სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის სახე: საეთერო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
2.განისაზღვროს შპს ტელერადიოკომპანია „რიონის’’ N251 ლიცენზიის მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები: ტელემაუწყებლობა 31-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში; რადიომაუწყებლობა 105.5 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში;
3.განესაზღვროს შპს ტელერადიოკომპანია „რიონს’’ სატელევიზიო გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები დეციმეტრული დიაპაზონის 31-ე სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში, ჩამონათვალის მიხედვით:
ა) ქ.წყალტუბო – 72 დბ (მკვ/მტ);
ბ) ქ.ხონი – 60 დბ (მკვ/მტ);
გ) ქ.სამტრედია – 66დბ (მკვ/მტ);
დ) ს.ბაღდათი – 60 დბ (მკვ/მტ);
ე) ქ.ვანი – 66 დბ (მკვ/მტ);
ვ) ქ.ზესტაფონი – 54 დბ (მკვ/მტ);
4.დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლში გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე) და კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
