შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 4 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება “შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ”, გამომდინარე იქედან, რომ დავის არსებითი განხილვისთვის მხარეებს უნდა წარმოედგინათ სადავო საკითხების თაობაზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
კომისიამ 2005 წლის 11 ნოემბერს განიხილა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული სადავო საკითხები.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარმოადგენს:
ა) გათიშული 100 სატელეფონო ნომრის (25 95 XX) ჩართვა;
ბ) ოპტიკური კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა;
გ) თანალოკაციის ფართის გამოყოფა და მისი უზრუნველყოფა სათანადო პირობებით;
დ) 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და ტარიფთან დაკავშირებით;
ე) სხვა ოპერატორების ქსელში დასარეკად შემოღებული 8-22 კოდის გაუქმება.
1. შპს “კავკასიის ციფრულმა ქსელმა” წარმოადგინა 100 სატელეფონო ნომრის – 25 95 XX მომსახურების თაობაზე მხარეთა შორის 2004 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 2005 წლის 21 სექტემბერს გადახდილი თანხის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება 7 600 ლარზე. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა თ.გოთუამ განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა გადახდილია. კომისიის სხდომაზე ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ეს სატელეფონო ნომრები უკვე ჩართულია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის საგანი აღარ არსებობს.
2. შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დ.თუთბერიძემ განაცხადა, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებულია ხელშეკრულება “სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ”. აღნიშნული ხელშეკრულებას თანახმად, “კავკასიის ციფრული ქსელი” სარგებლობს “გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო კანალიზაციით, რომელიც მოცემულია ხელშეკრულების დანართში და ითვალისწინებს 6 მიმართულებას. აქედან განხორციელებულია 5 და შპს “კავკასიის ციფრული ქსელი` ითხოვს ნებართვის გაცემას მე-6 მონაკვეთზე კაბელის ჩასადებად.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის თ.გოთუას განცხადებით, ნებართვის გაცემაზე უარი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” გააჩნია დავალიანება. თ. გოთუამ წარმოადგინა გაანგარიშება შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” დავალიანების თაობაზე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” 23 აგვისტოს ხელშეკრულების გაფორმებამდე გააჩნდა სატელეფონო კანალიზაციით მომსახურების დავალიანება, მაგრამ ვერ დააზუსტა, კონკრეტულად რა თანხას შეადგენს ეს დავალიანება.
დ.თუთბერიძემ განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიერ გადახდილია აგვისტო-სექტემბერის დავალიანება სრულად და წარმოადგინა საგადასახადო დავალებები 46 049 და 8 800 ლარზე, რაც შეეხება მანამდე არსებულ დავალიანებას, მისი ოდენობა არ არის შეთანხმებული მხარეთა შორის. დ.თუთბერიძემ აგრეთვე განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული დავალიანება არ მომდინარეობს ამ მომსახურებიდან, რაზედაც გაფორმებულია სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულება, არამედ სხვა მომსახურებიდან, შესაბამისად ეს არ შეიძლება გახდეს კაბელის ჩადებაზე უარის თქმის საფუძველი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, მას ეკისრება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია დაუშვას შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” თავისი ქსელის ელემენტებთან. ამასთან, სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ, რომელშიც მოცემულია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ვალდებულება კონკრეტულ მონაკვეთებში სატელეფონო კანალიზაციით მომსახურებისა, სადაც უნდა მოხდეს კაბელის ჩადება (მათ შორის სადავო მე-6 მონაკვეთი). ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რაიმე პირობას ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის და მხარეთა შორის 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უნდა გასცეს ნებართვა კაბელის ჩადებაზე.
3. შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორმა დ.თუთბერიძემ განხილვიდან მოხსნა “გ” პუნქტით განსაზღვრული სადავო საკითხი და უარი განაცხადა თანალოკაციის ფართთან დაკავშირებით დავის განხილვაზე. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს დავის საქმის წარმოება ამ საჩივართან დაკავშირებით.
4. შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორმა მოითხოვა 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და ტარიფთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ სახელშეკრულებო ვადა გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი წელი და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება ამ ვადის გასვლის შემდეგ, დ.თუთბერიძემ მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება ერთ წელზე მეტი ვადით. რაც შეეხება ტარიფს, შპს “კავკასიის ციფრული ქსელის ”მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ძალაში დარჩეს ძველი ტარიფები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 21 ოქტომბრის N 656/22 გადაწყვეტილებით “მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ” „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” განისაზღვრა სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ და მას დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები - მათ შორის ქსელის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. დღეის მდგომარეობით არსებობს სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულება. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უარს იტყვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, კომისია განიხილავს დავას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტარიფის ოდენობას, კომისიის N 656/22, 21.10.2005წ. გადაწყვეტილებით რეგულირდება სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებული საკითხები. კომისია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფები შესაბამისობაშია კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან.
5. შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” ითხოვს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ოპერატორების ქსელში დასარეკად შემოღებული 8-22 კოდის გაუქმებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ოპერატორების ქსელში დასარეკად შემოღებული 8-22 კოდის საკითხსაც. შესაბამისად, ეს საკითხი გადაწყდება მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევის დასრულების შემდეგ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს “კავკასიის ციფრულ ქსელთან” 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” კაბელის თავის სატელეფონო კანალიზაციაში გატარება;
2. შეწყდეს დავის განხილვა შპს “კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის თანალოკაციის ფართთან და 100 სატელეფონო ნომრის ჩართვასთან დაკავშირებით;
3. უარი ეთქვას შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრისა და ტარიფის ცვლილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
4. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ოპერატორების ქსელში დასარეკად შემოღებული 8-22 კოდის გაუქმების საკითხი კომისიამ განიხილოს მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის დასრულების შემდეგ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
