წვდომის მენიუ

შპს “ტელენეტის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოაბის შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 708 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005

 

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირება, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონით დადგენილი  სანქციების დაკისრება”. ამავე კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია „შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები“.

    კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის (ი. აბულაძე) 2005 წლის 10 ნოემბრის  სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “ტელენეტი”, რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს  № 4/4 – 1241, 19. 2. 1997წ დადგენილებით, რომელიც ფლობს № 1358, №921, №1437, №1366 ლიცენზიებს, გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 17,771.97 (ჩვიდმეტი ათას შვიდასსამოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი), ამასთან კომპანიას 2005 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით წარმოუდგენელი აქვს ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.

      კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის (კ.ყურაშვილი) განმარტებით, შპს “ტელენეტი” აღნიშნული ქმედებით არღვევს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა შესაბამისად ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური”.

      2005 წლის 18 ნოემბერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნა, რომ შპს “ტელენეტმა” ზემოაღნიშნული თანხა 2005 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით ჩარიცხა და შესაბამისად აღარ არსებობს კომპანიის მიერ კანონდარღვევის ფაქტი.

    კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ შპს “ტელენეტის” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი არ არსებობს, საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვის მომენტისთვის. 

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის   46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

 

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტელენეტის” გაფრთხილების თაობაზე;

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების შპს “ტელენეტისათვის” დროული მიწოდება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

 

 

 

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

 

 

 

კომისიის წევრი:                                                               დ. პატარაია

 

 

 

                                                                                              გ. ფრუიძე

 

 

                                                                                               ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები