„შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ “2004 წლის 30 ნოემბრის № 651/16 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა შპს „ახალმა ქსელებისა“ და შპს „ მაგთიკომის“ განცხადებები კომისიის 2004 წლის 30 ნოემბერის N651/16 გადაწყვეტილების “შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ” გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ახალი ქსელების“ განცხადებების საფუძველზე კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის საკითხი. 2004 წლის 30 ნოემბერის № 651/16 გადაწყვეტილებით კომისიამ დაადგინა: :
1. უზრუნველყოს შპს „ახალმა ქსელებმა“ ანგარიშსწორების განხორციელება შპს „მაგთიკომთან“ 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად როგორც ძირითადი დავალიანების, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში.
2. შეწყდეს დავის განხილვა შპს „ახალი ქსელების“ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 2000 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და შპს „მაგთიკომისთვის“ 3 264 860 ლარის გადახდის დაკისრებას.
3. კომისია ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის საკითხს განიხილავს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „მაგთიკომის“ ურთიერთჩართვის ტარიფების შესწავლის და დადგენის შემდეგ.“
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 პუნქტები შპს „ახალი ქსელების“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის N 3ა/139-05 გადაწყვეტილებით შპს „ახალი ქსელების“ სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ნოემბრის N 651/16-ი გადაწყვეტილების პირველი პუნქტი. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატაში.
საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს გამოვლინდა, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ სარჩელი აღძრა შპს „მაგთიკომის“ მიმართ 2000 წლის 31 დეკემბრის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხების –2.148.162,47 ლარის შპს „ახალი ქსელებისათვის“ დაბრუნების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შპს „ახალ ქსელებსა”და შპს „მაგთიკომს“ შორის. მორიგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ და აღიარეს მათ შორის როგორც 2000 წლის 31დეკემბერს, ისე 2002 წლის 19 ივნისისს დადებული ხელშეკრულებების პირობები, იკისრეს ვალდებულება 2005 წლის 15 ივლისამდე გააფორმონ ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთჩართვის წერტილების საკითხზეც. შეთანხმების თანახმად, ურთიერთჩართვის წერტილად შპს„ახალი ქსელებისათვის“ განისაზღვრა ასს-69, შპს „მაგთიკომისათვის“ განისაზღვრა ქ.თბილისში, ჯიქიას ქ№5, ქ.ქუთაისში, თამარ მეფის ქ.№56. გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა შეადგინეს ურთიერთშედარების აქტი 2005 წლის 31 მაისის მდგომარეობით და ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღიარეს, რომ შპს „ახალი ქსელების“ დავალიანება შპს „მაგთიკომის“ წინაშე შეადგენს 1.616.689,89 ლარს. შპს „მაგთიკომმა“ გამოხატა კეთილი ნება იმისა, რომ არ გადაახდევინოს შპს „ახალ ქსელებს“ 2005 წლის 31 მაისის მდგომარეობით დაფიქსირებული ვალიდან 1.100.00 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე ამ დავალიანების გადახდის ვადებზე და იმაზე, რომ მორიგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, არც ერთ მხარეს არ ექნება რაიმე დავალიანება ან სხვა რაიმე მოთხოვნის უფლება მეორე მხარის მიმართ, მორიგების ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ ურთიერთობებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-6 პუნქტების თანახმად, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ არ გააჩნიათ რაიმე დავალიანება ან სხვა რაიმე მოთხოვნის უფლება მეორე მხარის მიმართ, მორიგების გაფორმებამდე არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის 2002 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებით გადაწყდა მხარეებს შორის არსებული ის სადავო საკითხიც, რომლის გამოც კომისიამ 2004 წლის 30 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება № 651/16.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის 2005 წლის 28 ივნისს დადებული მორიგების ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ( განჩინება) შესასრულებლად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ემუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად,კომისია უფლებამოსილია ძალადაკარგულად სცნოს 2004 წლის 30 ნოემბერის № 651/16 გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ“.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2004 წლის 30 ნოემბერის №651/16 გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ“.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი,სარაჯიშვილისქ.1ა) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი საკითხთა სამსახურს (ი.თოდრია)
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
