საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კომერციული კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა; ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება; ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 1745,1-1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1-1855 მგჰც (მიღებაზე) სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16 საათი;
კომისიის 2003 წლის 12 დეკემბრის N 621 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში, რომლითაც კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 16 აპრილი. კომისიამ 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილებით კვლავ შეიტანა ცვლილება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში და კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 16 სექტემბერი.
კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომის” მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის Nბს-905-765(კ-05) განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “მაგთიკომის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების გამოცემა 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება კონკურსის ჩატარების გონივრული ვადა.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე გამოცხადდა “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 2 ივნისს მიღებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემას არ ითვალისწინებს. კომისიას მიაჩნია, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აუქციონი უნდა ჩატარდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის Nბს-905-765(კ-05) განჩინების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი ჩატარდეს 2005 წლის 22 ნოემბერს 11:30 საათზე ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
