სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის განხილვის მოსამზადელი სხდომის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (წერილი N14-1/6-399, 15.11.2005წ.) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“ დავის განხილვის და გადაწყვეტის მოთხოვნით.
სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიას მიმართა შეგებებული განცხადებით, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებების საფუძველზე დაწყებული დავის განხილვა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დასრულდა 2005 წლის 11 ნოემბერს და კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება “შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ”, კომისიამ მიიჩნია, რომ სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების საფუძველზე დაწყებული უნდა იქნას ახალი საქმის წარმოება. შესაბამისად, 2005 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დ.თუთბერიძემ განაცხადა, რომ მას არ ჩაბარებია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების ასლი და მოითხოვა კომისიის სხდომის გადადება.
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ დავის არსებით განხილვამდე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის” ქსელების ურთიერთდაკავშირების თაობაზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებაში მოყვანილი გარემოებები საჭიროებს მონიტორინგის ჩატარებას კომისიის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 -ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა 2005 წლის 9 დეკემბრის 16.00 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის” ქსელების ურთიერთდაკავშირების თაობაზე მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2005 წლის 7 დეკემბრამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
