შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2005 წლის 18 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 25 ნოემბერს.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ა.იაშვილი; წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.
დავის საგანს წარმოადგენს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “ახალი ქსელების” აბონენტების გათიშვა და მათ საკაბელო წყვილებზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ახალი აბონენტების ჩართვა; აგრეთვე დაზიანებული ტელეფონების აღდგენის შეფერხება. არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა მოითხოვეს მონიტორინგის ჯგუფის გამოყოფა, ხოლო დავის განხილვა მონიტორინგის ჯგუფის მიერ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილია დასკვნა, რომელშიც მოცემულია იმ სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობა, რომელზეც შემოწმების ჩატარების მომენტისათვის ჩართული იყო შპს “ახალ ქსელების” აბონენტები; დასკვნაში დაფიქსირებულია ის გარემოება, რომ შპს “ახალი ქსელების” მიერ იჯარით აღებულ წყვილებზე ჩართული იყო სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტები (ასს 36-ში 11 წყვილზე, ასს 31-ში 184 წყვილზე და ასს 51-ში 26 წყვილზე); დასკვნაში აგრეთვე მითითებულია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ ხდება დაზიანებული სახაზო საკაბელო წყვილების აღდგენა.
კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეთანხმებიან შემოწმების შედეგად მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული იმ სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობას, რომელიც შპს “ახალ ქსელებს” აღებული აქვს იჯარით სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”. რაც შეეხება შპს “ახალი ქსელების” მიერ იჯარით აღებულ წყვილებზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტების ჩართვას, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებით, შპს “ახალი ქსელებისთვის” მოხდება სხვა წყვილების გამოყოფა; ასევე მოახდენენ არსებული დაზიანებების შეკეთებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს „ახალ ქსელებს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურებაზე. ხელშეკრულებაში მოცემულია როგორც წყვილების გადაცემის პროცედურა, აგრეთვე ყოველთვიური ანგარიშსწორებისათვის ტექნიკური შედარების აქტის გაფორმების ვალდებულება. ტექნიკური შედარების აქტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში მომსახურებაში გადაცემული და დაბრუნებული სახაზო-საკაბელო წყვილების, ახლად დადგმული ტელეფონების რაოდენობას ასს-ების, გამანაწილებელი კარადების და პირდაპირი კვების კაბელების მიხედვით და უწყისს იმ დაზიანებების შესახებ, რომელთა აღდგენა საკონტროლო ვადების დარღვევით განხორციელდა. ხელშეკრულებაში აგრეთვე გათვალისწინებულია დაზიანებული სახაზო-საკაბელო წყვილების აღდგენის ვადები და პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ დადგენილია მონიტორინგის ჩატარების მომენტისთვის გადაცემული წყვილების რაოდენობა, ხოლო სახაზო-საკაბელო წყვილების შემდეგი გადაცემა, აღრიცხვა, ანგარიშსწორება, აგრეთვე დაზიანებული სახაზო-საკაბელო წყვილების აღდგენა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”:
ა) შპს “ახალი ქსელებისთვის” იმ გათიშული აბონენტებისთვის, რომელთა წყვილებზეც ჩართულია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტები, სახაზო-საკაბელო წყვილების გადაცემა მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში მითითებულ სადგურებში და მითითებული ოდენობით (ასს 36-ში 11 წყვილი, ასს 31-ში 184 წყვილი და ასს 51-ში 26 წყვილი);
ბ) შპს “ახალი ქსელების” მიერ გადაცემული დაზიანებული სახაზო-საკაბელო წყვილების აღდგენა შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
