წვდომის მენიუ

შპს “ტელეკომპანია თბილისის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 729 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2005

  

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

     კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “ტელეკომპანია თბილისი”, რომელიც ფლობს N67 ლიცენზიას („საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა, მოქმედების ვადით 2011 წლის 31 დეკემბრამდე), არღვევს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შპს “ტელეკომპანია თბილისი” ახორციელებს რუსეთის პირველი არხის (Первый Канал Всемирная Сетъ) რეტრანსლაციას.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მიერ კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად (ვიდეო ჩანაწერი 10-16 ნოემბერი 2005წ) კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ.ყურაშვილი) გამოავლინა შემდეგი გარემოება:

შპს “ტელეკომპანია თბილისი” არღვევს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, რომლის შესაბამისად “იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემისა”. ამავე კანონის მე-2 მუხლის “უ” ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის ტრანზიტი წარმოადგენს “მაუწყებლის მიერ სხვა მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემას”. კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახური აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია თბილისი” წარმოადგეს საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიას, ხოლო რუსეთის პირველი არხი (Первый Канал Всемирная Сетъ) არ  წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ მაუწყებელს, შესაბამისად “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად შპს “ტელეკომპანია თბილისი” არ არის უფლებამოსილი განახორციელოს აღნიშნული არხის  ტრანზიტი ეთერში.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს დადასტურებულად მიაჩნია შპს “ტელეკომპანია თბილისის” მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

 

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გაფრთხილდეს შპს “ტელეკომპანია თბილისი”, რათა აღმოფხვრას არსებული დარღვევა და დაუყოვნებლივ აღასრულოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნა და შეწყვიტოს რუსეთის პირველი არხის (Первый Канал Всемирная Сетъ) ტრანსლაცია ეთერში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მეორე დღესვე;

2. გაფრთხილდეს შპს “ტელეკომპანია თბილისი”, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს “ტელეკომპანია თბილისს”, 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა ) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი);

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                       დ. ქიტოშვილი

 

 

 

 

კომისიის წევრი:                                                                                     დ. პატარაია

 

 

 

                                                                                                                 გ. ფრუიძე

 

 

 

                                                                                                           

                                                                                                             ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები