სს „გლობალ ერთსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „გლობალ ერთსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე დაინიშნა 2005 წლის 2 დეკემბერს.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
სს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რ.გოგინავა;
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.
სს „გლობალ ერთის“ მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარმოადგენს:
ა) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ოპერატორის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებისთვის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა;
ბ) სს „გლობალ ერთსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ანგარიშსწორებისას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტების მიერ სს “გლობალ ერთის” 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებზე საერთაშორისო ზარის შეკვეთის მიცემით განხორციელების შემთხვევაში სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში დასრულებული თითოეული ზარის ხანგრძლივობის შემცირება 45 წამით.
პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ იქნება კომისია უფლებამოსილი დაუდგინის სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება იმ ოპერატორს, რომელიც ცნობილი იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს “გლობალ ერთის” მოთხოვნა განხილული იქნება მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევის დასრულების შემდეგ.
მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით სს “გლობალ ერთი” აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტები 818007 და 437777-ზე შეკვეთით ახორციელებენ საერთაშორისო ზარებს, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არა მათი ქსელიდან ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრებზე წამოწყებული ზერის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არამედ სატელეფონო ნომრებიდან ( 818007 და 437777) სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში დასრულებული ზარების ხანგრძლივობის მიხედვით. სს “გლ;ობალ ერთი” მოითხოვს, 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებიდან სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში დასრულებულ თითოეულ ზარს გამოაკლდეს 45 წამი.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებით, ანგარიშსწორება უნდა მოხდეს განხორციელებულ ზარებზე მთლიანად, 818007 და 437777 სატელეფონო ნომრები წარმოადგენს დაშვების კოდს და ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ურთიერთჩართვის ტარიფით, ყოველგვარი შემცირების გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “გლობალ ერთი” წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს, რომელიც ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით (საერთაშორისო სატელეფონი კავშირის ქსელი) უზრუნველყოფას და მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ასევე წარმოადგნს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს. სს “გლობალ ერთსა” სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის განხორციელებულია ურთიერთჩართვა – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სს “გლობალ ერთის” მომსახურებით.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტები სს “გლობალ ერთის” ზემოაღნიშნულ ნომრებზე დარეკვით ღებულობენ საერთაშორისო ან საქალაქთაშორისო სატელეფონო მომსახურებას, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპანიებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში და გაწეული მომსახურების ანაზღაურება უნდა მოხდეს ურთიერთჩართვის ტარიფით. კომისიას მიაჩნია, რომ ზარის წამოწყება ხორციელდება საერთაშორისო ან საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიღების მიზნით და ზარის წამოწყების საფასური დაფარული უნდა იქნეს სს “გლობალ ერთის” მიერ, ვინაიდან სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის განხორციელებული ურთიერთჩართვა ამ შემთხვევაში ემსახურება სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტების მიერ სს “გლობალ ერთის” მომსახურების მიღებას.
რაც შეეხება სს “გლობალ ერთის” მოთხოვნას თითოეული ზარის წამოწყებიდან 45 წამის გამოკლების შესახებ, კომისია მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების საგანს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “გლობალ ერთის” მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სხვა ოპერატორის დავალიანების გამო საკუთარი აბონენტის ტელეფონის გათიშვის მომსახურებისთვის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენის საკითხი კომისიამ განიხილოს მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის დასრულების შემდეგ;
2. უარი ეთქვას სს “გლობალ ერთს” 818007 და 437777 სატელეფონო ნომრებიდან სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში დასრულებულ თითოეულ ზარზე ანგარიშსწორებისას 45 წამის გამოკლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
