მომსახურების ბაზრის სეგმენტების - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების და ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტების - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების და ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2005 წლის 22 ნოემბერს, ხოლო კომისიის სხდომა გადაწყვეტილების მიღების მიზნით დანიშნული იყო 2005 წლის 7 დეკემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 7 დეკემბრის სხდომა ვერ შედგა კომისიის წევრთა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული მოთხოვნის დაცვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი ზეპირი მოსმენა, რომლის შემდეგ კომისია უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე პირველი ნაწილის და 110 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდეს 2005 წლის 20 დეკემბერს 12.00 საათზე შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;
ბ) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
