წვდომის მენიუ

მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის კავშირის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებების საჯარო (ზეპირი) მოსმენის წესით განხილვის შესახებ

ნომერი: 775 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 21 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივმა დამცველმა პ. ბერიამ კომისიას მიმართა (N11/74-05 - 21.11.2005) მოთხოვნით, მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების,   მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებების საფუძველზე, ცალკეული სამაუწყებლო კომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონების დარღვევების გამო დაიწყოს საჯარო (ზეპირი) მოსმენის წესით ადმინისტრაციული წარმოება.

მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების,   მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებათა შესაბამისად, შპს „მზე“-მ ეთერში გაუშვა არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმები: „ვნებათა ღელვა“, „შენ სულელი ხარ“, „მდიდარი რომ ვიყო“; შპს „ტელეიმედი“, ეთერში უშვებს ტელეგადაცემა „დროება“-ს ანონსს, ნარკოტიკის მოხმარების სცენებით, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანებზე; შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“,  ეთერში უშვებს არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ პროექტს „ჯეობარი“, სერიალს „სერიული მკვლელობები“, ფილმების ანონსებს:  „წარღვნის მოლოდინში“, „როცა თავი ღმერთი გგონია“; შპს „ტელეკომპანია თბილისი“ ეთერში უშვებს მორბენალ სტრიქონს, ინტიმური და სექსტელეფონების მუდმივი რეკლამირებით, რომელიც არ წყდება საბავშვო გადაცემების ეთერში გადაცემის დროსაც, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანებზე.

კომისიამ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის,  107-ე მუხლის პირველი პუნქტის, 108-ე მუხლის, 110-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2005 წლის  25 ნოემბერს მიიღო N741/23 გადაწყვეტილება, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ  მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის მიმართვის საფუძველზე, მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების,   მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებების საჯარო (ზეპირი) მოსმენის წესით განხილვისათვის ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ .

კომისიის 2005 წლის  25 ნოემბერის 741/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა დაევალა კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს   კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას  - საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს ეთხოვა თავისი კომპეტენციისა და მის ხელთ არსებული საშუალებებით კომისიისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში. საჯარო (ზეპირი) მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 9 დეკემბერი 12.00 საათი (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 42), ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად -  2005 წლის 16 დეკემბერი, 16.00 საათი.  სამაუწყებლო კომპანიებს მოეთხოვათ, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები წარედგინათ საქართველოს   კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  -  საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში შესაბამისი დასკვნის მოსაპოვებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 9 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის პედაგოგიური და მშობელთა კოლექტივების ერთობლივი მიმართვა, სადაც გამოხატულია აღშფოთება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ ძალადობისა და გარყვნილების სცენების სატელევიზიო ეთერით გაშვების გამო. ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია მოითხოვს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა დაიცვას „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2005 წლის 9 დეკემბერს კომისიაში შედგა საკითხის საჯარო (ზეპირი) მოსმენა. საჯარო (ზეპირი) მოსმენის სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე, სხდომის მდივანი იყო - ადმინისტრაციის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. კალანდაძე, სხდომას ესწრებოდნენ :  დ. პატარაია - კომისიის წევრი, ზ. ნონიკაშვილი - კომისიის წევრი, ი. ხარებავა, კ. ყურაშვილი, გ. რატიშვილი, გ. ბუთბაია, პ. ბერია, ი. აბულაძე, ე. ასანიძე, მ. გოთოშია, ს. შავგულიძე, ც. უჯმაჯურიძე, დ. ქუთათელაძე, გ. სულუხია, ი. დეკანოსიძე, დ. კიკნაძე, თ. ტყეშელაშვილი, მ. აროშიძე, ნ. ნიჟარაძე, მ. გოგილაშვილი, ს. ბრიტანჩუკი, ლ.ნანობაშვილი, ი. შარაბიძე, დ. კაკაბაძე, ვ. მაისურაძე, გ. ჩხეიძე, ს. ჩირკაძე, ზ. ყურაშვილი, დ. ხაჩიძე, ა. უნგიაძე, ლ. ჩაჩუა, გ. ყიფიანი, მ. ბერიძე, ე. აბრამია, გ. დავითაშვილი, ხ. ჩიგოგიძე, ლ. აბრამიშვილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

       მოქალაქე გ. ყიფიანმა საჯარო (ზეპირი) მოსმენის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2” განაგრძობს სერიალის “სერიული მკვლელობები”-ს ჩვენებას, მთელი დღის განმავლობაში,ასევე გადაიცემა “სერიული მკვლელობები”-ს  სარეკლამო კლიპი სადიზმისა და ძალადობის სცენებით. აფიშაში მითითებულია ყველა ასაკისთვის დასაშვები ფილმის კატეგორია, როდესაც ფილმები დატვირთულია მკვლელობის სცენებით. ტელეკომპანია მუდმივად არღვევს საქართველოს კანონს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. გარდა ამისა, 2005 წლის ოქტომბრის თვიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2” აჩვენებს დღის საათებში პირდაპირი ეთერით გადაცემა “ჯეობარს”, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, რადგან ხშირია გადაცემის სარეკლამო ანონსები უხამსი სცენებით. რაც შეეხება სხვა სამაუწყებლო ტელეკომპანიებს, მრავალჯერადი ხასიათი შეიძინა შპს „მზე”-ს მიერ დარღვევებმა, არასათანადო დროს ნაჩვენები იქნა ფილმები, კერძოდ: “ვნებათა ღელვა”, “შენ სულელი ხარ” და “მდიდარი რომ ვიყო”, სადაც სქესობრივი აქტის და ნარკოტიკების მოხმარების სცენებია, რაც სხვა არაფერია თუ არა ნარკოტიკების რეკლამა. ასევე წლების განმავლობაში რუსეთის პირველი არხის რეტრანსლაციის დროს შპს „ტელეკომპანია თბილისი” თითქმის ყველა, მათ შორის საბავშვო გადაცემასაც  თან ურთავს მორბენალ სტრიქონში 6 დასახელების ინტიმური, ეროტიული და სექს-ტელეფონის რეკლამას. შპს „ტელეიმედი” აჩვენებდა გადაცემა “დროება”-ს ანონსს ნარკოტიკის მოხმარების სცენებით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგჯერ დილის საათებშიც“.          

            მოქალაქე  გ. ყიფიანმა მოითხოვა, როგორც  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2”-ს, ასევე შპს „ტელეკომპანია თბილის“-ს გაუუქმდეს ლიცენზიიები, რადგანაც ისინი არ ემსახურებიან მომხმარებელთა ინტერესებს და არ რეაგირებენ მათ მოთხოვნებზე. გ. ყიფიანმა მოითხოვა შპს „მზე”-ს მიმართ სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრება, ხოლო შპს „ტელეიმედი”-ს მიმართ სანქციის სახით ჯარიმის დაკისრება. გ. ყიფიანმა მოითხოვა აგრეთვე, ყველა დამრღვევ სამაუწყებლო კომპანიას დაეკისროს დარღვევათა აღიარების დეკლარაციების გადაცემა ეთერით ბოდიშის მოხდით.  

   მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გამგეობის წევრმა ა. უნგიაძემ აღნიშნა, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გადაცემა “ჯეობართან” დაკავშირებით სამდღიანი აქცია ჩაატარა, მაგრამ შპს “სამაუწყებლი კომპანია რუსთავი-2”-გან არ ყოფილა რეაგირება, რაც მისი აზრით დაუსჯელობის სინდრომზე მეტყველებს. მან ისაუბრა ამ სატელევიზიო  გადაცემის  უზნეო შინაარსზე, აგრეთვე მისი ეთერში გასვლის დროზე, როცა ბავშვებს შეუძლიათ თავისუფლად უყურონ აღნიშნულ სატელევიზიო პროგრამას. მისი აზრით შპს “სამაუწყებლი კომპანია რუსთავი-2”  არაფრად აგდებს საზოგადოების აზრს, ამიტომაც მან მოითხოვა განსაკუთრებით მკაცრი სანქციების გამოყენება მის მიმართ, რათა შეწყდეს სულ უფრო მეტი უზნეობის და ძალადობის ჩვენების ტენდენცია, რათა საზოგადოებაში ხდებოდეს ტრადიციული და არა ფსევდოკულტურული ღირებულებების გაძლიერება. მან აღნიშნა, რომ სატელევიზიო პროგრამა „ჯეობარში“ მონაწილე ბავშვები  ვერ აცნობიერებენ იმას, თუ როგორ უზნეო გადაცემაში იღებენ მონაწილეობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამდღიანი პროტესტის დროს მათ მხარდაჭერა და გამოხმაურება ჰპოვეს შვედეთიდან, კერძოდ შვედურ-ქართული საზოგადოებიდან, რომელმაც მიმართა შპს “სამაუწყებლო კომპანია  რუსთავი-2”-ს შეწყდეს გადაცემა “ჯეობარი”. იგი დაეთანხმა ბ-ნ გ. ყიფიანის მოთხოვნებს და მოითხოვა შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2”-ის მიმართ უმკაცრესი ზომების გატარება.

             შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2”-ის იურისტმა დ. კაკაბაძემ წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელის ბ-ნ გ. ტაბატაძის შესაგებელი. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“ არ ეთანხმება სამაუწყებლო კომპანიის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და ითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, შემდეგი გარემოებების გამო: არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არცერთი წამოყენებული ბრალდების მიმართ და მით უმეტეს შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის სანქცია სამაუწყებლო კომპანიის მიმართ. საქართველოს კანონი  “მაუწყებლობის შესახებ” განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი გამოყენებულ იქნეს პროგრამების შეზღუდვების განმსაზღვრელი 56-ე მუხლის დარღვევისათვის სანქციები, რომელიც გათვალისწინებულია 71-ე და 72-ე მუხლებით. კერძოდ, ამავე კანონის გარდამავალი და დასკვნითი დებულებების მიხედვით (მუხლი 76), კანონის 56-ე მუხლი ვერ გამოიყენება და შესაბამისად შეჩერებულია სანქციების გამოყენება იმ ვადამდე, სანამ არ იქნება მიღებული ქცევის კოდექსი. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ჯერ არ არის მიღებული, შესაბამისად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს ეთერით გასული ნებისმიერი გადაცემა (პროგრმა), მათ შორის პროექტი „ჯეობარი” ვერ გახდება   განხილვის საგანი და მით უმეტეს ვერ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული სანქციები. რაც შეეხება სხვა ბრალდებას, რომელიც შეეხება ფილმების ანონსირებას, ამ შემთხვევაშიც ბრალდება არის უსაფუძვლო. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არის  საუბარი გარკვეული სანქციების გამოყენებაზე ან/და დეკლარაციის მიღებაზე, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ მოიპოვება რაიმე კანონი ან ნორმატიული აქტი, რომლის დარღვევასთან გვაქვს ადგილი ან/და რომელიც უნდა დაედოს საფუძვლად გარკვეული სანქციის გამოყენებას. ტელეანონსზე ვერ გავრცელდება საქართველოს კანონი “რეკლამის შესახებ”. ამ კანონის შესაბამისად უშუალოდ ტერმინი რეკლამა განიმარტება, როგორც საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკური და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ფილმის ანონსი, ვერანაირად ვერ განიხილება რეკლამად, ვინაიდან ის არ არის რეკლამა, არამედ არის იგივე სახის განცხადება, რაც ბეჭვდითი ფორმით გავრცელებულ პროგრამას ახასიათებს. რაც შეეხება სერიალის “სერიული მკვლელობები”-ის ეთერში გაშვებას, აღნიშნული სერიალი არის სატელევიზიო და ასეთ შემთხვევაში მისი სერტიფიცირება ხდება საერთოდ “U” კატეგორიით, რაც ნიშნავს მის გაშვებას ნებისმიერ დროს. თუ ამ სერიალში არის რამე ისეთი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანებზე, მაშინ ალბათ უნდა იყოს დაკონკრეტებული რა არის ეს.

                შპს “ტელეიმედი”-ს იურისტმა ი. შარაბიძემ აღნიშნა, რომ მათ დააკმაყოფილეს კომისიის მოთხოვნა და 6 დეკემბერს გადაგზავნეს მასალა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში და ელოდებიან მათ კვალიფიციურ დასკვნას, რომელიც კანონის შესაბამისად იქნება გამოტანილი. რაც შეეხება სადაო გადაცემას, მისი აზრით “დროება” არის შემეცნებითი გადაცემა, ხოლო  “დროება”-ს ანონსში არ ყოფილა მიზანი ნარკოტიკების პროპაგანდა, პირიქით, ადგილი ჰქონდა მცდელობას  ანტინარკოტიკული პროპაგანდისა.

              შპს “მზე”-ს იურისტმა ს. ჩირკვაძემ აღნიშნა, რომ მათი ტელეკომპანიისადმი გაგზავნილ წერილში არ არის მითითებული, შპს „მზე“-ს მიერ რა დროს გადაიცა  მხატვრული ფილმები: “ვნებათა ღელვა”, “შენ სულელი ხარ” და “მდიდარი რომ ვიყო”.

           კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე შემოსულია საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნ. აღაპიშვილის წერილი, რომლითაც იტყობინება რომ ე.წ. ნდობის ტელეფონი, რომლის რეკლამირებასაც აქვს ადგილი შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს მიერ მორბენალ სტრიქონში, წარმოადგენს არა გადაუდებელი ფსიქოლოგიური  სატელეფონო დამხარების სამსახურს, არამედ ინტიმურ ტელეფონს. ნ. აღაპიშვილმა მოითხოვა „ნდობის ტელეფონის“ რეკლამირების შეზღუდვა შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ეთერში.

      კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე შემოსულია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის რევაზ ჯორბენაძის წერილი, რომელშიც რ. ჯორბენაძე აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეთერში დღის საათებში გადაცემული სატელევიზიო პროგრამა „ჯეობარი“-ს ანონსებში გადაღებული სცენები უპირისპირდება საყოველთაოდ აღიარებულ და ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს. იგივე აზრს იზიარებს ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქიატრიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი რევაზ კორინთელი, რომელიც თავის წერილში გადაცემა „ჯეობარი“-ს ანონსებს უწოდებს უხამსობასა და ქართულ საზოგადოებაში აღიარებული ეთიკური ნორმების დარღვევას.

          კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა, კერძოდ ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 7 თებერვლის N3 ბრძანებით შექმნილმა არასრულწლოვანებზე  მავნე ზეგავლენის  მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განხილვისა და შესაბამისი კატეგორიის მიმნიჭებელმა კომისიამ მიმდინარე  წლის 13 დეკემბერს  განიხილა შპს „ტელეიმედი“-ს  მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო სატელევიზიო გადაცემა „დროება“-ს ანონსი, აგრეთვე შპს „მზე“-ს მიერ  მიწოდებული ვიდეომასალა, შემდეგი მხატვრული ფილმების ჩანაწერებით: „მდიდარი რომ ვიყო“, „შენ სულელი ხარ“, „ვნებათა ღელვა“ (იხ. საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის 2005 წლის 14 დეკემბრის N03-569/579 წერილი).  ამ კომისიის გადაწყვეტილებით:

1)      შპს „ტელეიმედი“-ს სატელევიზიო გადაცემა „დროება“-ს ანონსი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმი;

2)      შპს „მზე“-ს მიერ 2005 წლის 16 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე ეთერში გაშვებული ფილმი „მდიდარი რომ ვიყო“ შეიზღუდა 15 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის;

3)       შპს „მზე“-ს მიერ 2005 წლის 9 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე,  14 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე  ეთერში გაშვებული ფილმი „შენ სულელი ხარ“ შეიზღუდა 12 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის;

4)      შპს „მზე”-ს მიერ 2005 წლის  13 ოქტომბერს 22.35 სთ.-სა და 14 ოქტომბერს 10.30 სთ.-ზე, აგრეთვე 8 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე ეთერში გაშვებული ფილმი „ვნებათა ღელვა“ შეიზღუდა 12 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის;

        საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის იურისტმა დ. ქვრივიშვილმა,  კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე აღნიშნა, რომ დეპარტამენტის კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ არასრულწლოვანთა დაცვით იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასთან. დეპარტამენტი არაა უფლებამოსილი განიხილოს რეკლამისა და ტელეანონსების, აგრეთვე სატელევიზიო გადაცემების, მათ შორის პროექტების არასრულწლოვანებზე მავნე  ზეგავლენის მოხდენის გარემოებები.

           კომისიასთან მოქმედმა მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივმა დამცველმა პ. ბერიამ აღნიშნა, რომ მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების,   მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებები  საფუძვლიანია და მოთხოვნები დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

         „საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ის ფაქტი, რომ სამაუწყებლო კომპანიების მიერ განგრძობით ხასიათს ატარებს ფილმებისა და სარეკლამო კლიპების ჩვენება ძალადობის, სექსუალური აქტის, ნარკოტიკების მოხმარების შემცველი სცენებით. კერძოდ:

           შპს ‘მზე”-ს  მიერ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დღის 10.30 წთ-ზე ნაჩვენები იქნა ფილმი “ვნებათა ღელვა”; 9 ნოემბერს, 10.30 წთ-ზე ნაჩვენები იქნა ფილმი “შენ სულელი ხარ”; 16 ნოემბერს დღის 10.30 წთ-ზე ფილმი “მდიდარი რომ ვიყო”. ამ ფილმებს ჰქონდა ყველა ასაკისათვის დასაშვები ფილმის კატეგორია (U)-ს აღნიშვნით, თუმცა, ფილმებში იყო ნარკოტიკების მოხმარებისა და სქესობრივი აქტის სცენები. აღნიშნული გადაცემები მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მის მორალურ და სოციალურ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ამ ფილმებს არასწორად ჰქონდათ მინიჭებული კატეგორიები და არასათანადო დროს იყო ჩასმული სამაუწყებლო ბადეში.

           აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განხილვისა და შესაბამისი კატეგორიების მიმნიჭებელი კომისიის დასკვნა (2005 წლის 14 დეკემბერს გაცემული N03-569/579 წერილი), რომლის შესაბამისად ზემოაღნიშნული ფილმები ჩაითვალა არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმებად და მიენიჭათ შესაბამისი კატეგორიები. ფილმს “მდიდარი რომ ვიყო” მიეცა კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი “15” და მისი ტელედემონსტრირება შეიზღუდა 7-დან 23 საათამდე, ხოლო ფილმებს: “შენ სულელი ხარ” და “ვნებათა ღელვა” მიეცა კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი “12” და მისი ტელედემონსტრირება შეიზღუდა 8-დან 22 საათამდე.

 ამდენად, შპს “მზე”-მ ამ ფილმების გადაცემით დაარღვია “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად შეზღუდულია არასრულწლოვანისათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე. ფილმებისათვის ყველა ასაკისათვის დასაშვები ფილმების კატეგორიის მინიჭებით და დილის საათებში ტრანსლირებით დაირღვა  ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლები.

          რაც შეეხება ეთერში გადაცემულ ანონსს იგი არის ტელეპროდუქცია. “მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამებისა და  რეკლამის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ასევე იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე გავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

            ამავდროულად ამ გადაცემის ტრანსლირებით ირღვევა ლიცენზიის პირობები. ლიცენზიის  პირობის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.

            ასევე დაირღვა “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევის შესაძლებლობას. გადაცემული ანონსი მომხმარებელს არ აძლევს უტყუარ და სრულ ინფორმაციას და სწორი არჩევის შესაძლებლობას.

           ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ პროგრამების ტრანსლირებით შპს “მზე”-მ დაარღვია “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-6 და მე-7 მუხლები, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, ლიცენზიის პირობები, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლი.

           შპს “ტელეიმედი”-ს მიერ “დროება”-ს ანონსის გადაცემა ნარკოტიკების მოხმარების სცენით მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანებზე. აქედან გამომდინარე, ამ გადაცემის ტრანსლირებით შპს “ტელეიმედი” არღვევს “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, მე-6 და მე-7 მუხლებს, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტს, ლიცენზიის პირობებს და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლს.

               შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ განგრძობით ხასიათს ატარებს სერიალი “სერიული მვლელობები”-ს ჩვენება. ასევე გადაიცემა “სერიული მკვლელობები”-ს სარეკლამო კლიპი სადიზმის, მკვლელობის, სხეულის განზრახ დაზიანების, წამებისა და დასახიჩრების სცენებით. ფილმის აფიშაში, რომელიც დატვირთულია მკვლელობების სცენებით, მითითებულია ყველა ასაკისათვის დასაშვები ფილმების კატეგორია  - U.

         აღნიშნულ ფილმს, რომ არასწორად აქვს მინიჭებული კატეგორია და არასათანადო დროს არის ჩასმული სამაუწყებლო ბადეში, ადასტურებს ასევე ის, რომ საფრანგეთის აუდიოვიზუალური საბჭოს მიერ ამ ფილმისათვის მინიჭებულია კატეგორია “12”. “ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ” ევროპულ კონვენციაზე შეერთებულ ქვეყანაში გადაღებულ ფილმზე ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული შესაბამისი კატეგორია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

        მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან ტელეკომპანია შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” დღის საათებში, პირდაპირი ეთერით აჩვენებს გადაცემა “ჯეობარს”, რომელიც პოპულარობით სარგებლობს არასრულწლოვანებში, სადაც ხშირია შიშველი სხეულის დემონსტრირება, ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

        “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის- შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამებისა და  რეკლამის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.

         “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე.  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად იკრძალება არაეთიკური, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი რეკლამის განთავსება. ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების და რეკლამის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან, მაშინ როცა   შპს “ტელეკომპანია თბილისი”-ს მიერ მორბენალ სტრიქონში ინტიმური და სექს-ტელეფონების მუდმივი რეკლამა არ წყდება საბავშვო გადაცემების დროსაც.

აღნიშნული გადაცემების ტრანსლირებით   დაირღვა “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-6 და მე-7 მუხლები, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, ლიცენზიის პირობები, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლი, “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-8 მუხლები.           

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვაცხადებთ,რომ აღნიშნული გადაცემები  მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მის მორალურ და სოციალურ განვითარებაზე. შესაბამისად, აღნიშნული გადაცემების ტრანსლირებით ირღვევა “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად შეზღუდულია არასრულწლოვანისათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობების, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს. ამავდროულად ირღვევა ლიცენზიის პირობები, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით და კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.            ასევე ირღვევა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად იკრძალება არაეთიკური, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი რეკლამის განთავსება. ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების და რეკლამის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე.“

           ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივმა დაცველმა კომისიისაგან მოითხოვა:

1.             დაჯარიმდეს სამაუწყებლო კომპანიები შპს “ტელეიმედი” და შპს “ტელეკომპანია თბილისი”.

2.             შეუჩერდეს ლიცენზია შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს;

3.             გაფრთხილდეს შპს „მზე“;

4.             შპს “ტელეკომპანია თბილისმა” დაუყონებლივ უზრუნველყოს მორბენალ სტრიქონში ინტიმური და სექს- ტელეფონების რეკლამის აკრძალვა.

5.             შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა უზრუნველყოს გადაცემა “ჯეობარში”, შიშველი სხეულის დემონსტრირებისა და ქმედებების შეზღუდვა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

6.             შპს “სამაუწყებლო კომპანიებმა რუსთავი 2”-მა, შპს “მზე”-მ, შპს“ტელეიმედმა” და შპს “ტელეკომპანია თბილისმა” 10 დღის ვადაში უზრუნველყონ მის განკარგულებაში არსებული ფილმების ინვენტარიზაცია მათთვის კანონით გათვალისწინებული კატეგორიების მინიჭების მიზნით და განათავსოს ფილმების დემონსტრირებისას და სამაუწყებლო ბადეში შესაბამისი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი კანონით დადგენილი წესით.

7.             ლიცენზიის მფლობელებმა 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცენ დეკლარაცია მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ.

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილმა) აღნიშნა, რომ დავის საგანია: ახდენს თუ არა არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენას შემდეგი ტელეპროდუქცია:

ა)  მხატვრული ფილმები;

ბ) ტელეანონსები;

გ) სატელევიზიო გადაცემები (პროექტები)

დ) რეკლამა;

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის (კ. ყურაშვილი) განმარტებით:

1)  მხატვრული ფილმების ეთერში გაშვების სამართლებრივი რეგლამენტაცია ხდება „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

          საქმეზე დართული მასალებისა და მტკიცებულებების შესწავლის, გაანალიზებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სამაუწყებლო კომპანიების შპს „მზე“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“ და შპს „ტელეკომპანია თბილისი“ ქმედებათა შესაბამისობის გამორკვევისას კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

      ა) შპს „მზე“-ს მიერ დარღვეულია „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 მუხლები, მე-6 მუხლი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან მის მიერ არაერთხელ განხორციელდა 15 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის შეზღუდული მხატვრული ფილმის „მდიდარი რომ ვიყო“  ეთერში გაშვება დღის საათებში (7 საათიდან 23 საათამდე), აგრეთვე 12 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის შეზღუდული მხატვრული ფილმების „შენ სულელი ხარ“ და  „ვნებათა ღელვა“ ეთერში გაშვება დღის საათებში  7 საათიდან 22 საათამდე;

       ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ს მიერ დარღვეულია „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 მუხლები, მე-6 მუხლი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები ვინაიდან, მის მიერ შაბათის ეთერში ხდებოდა ფილმის  „სერიული მკვლელობები“-ს განთავსება დღის საათებში, კერძოდ 15 სთ-სა და 20 წუთზე. აღნიშნული ფილმი წარმოებულია საფრანგეთის რესპუბლიკაში და საფრანგეთის  აუდიოვიზუალური საბჭოს მიერ მას მინიჭებული აქვს  კატეგორია „12“ (შეზღუდულია 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის). „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპულ კონვენციასთან შეერთებულ ქვეყანაში გადაღებულ ფილმზე ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული კატეგორია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოში დადგენილ ფილმების კატეგორიებსა და კრიტერიუმებს.” ამდენად, აღნიშნული ფილმი განთავსებული უნდა ყოფილიყო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ს მიერ 22 სთ-ს შემდეგ, თანახმად „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტისა.

   2) სატელევიზიო პროექტი „ჯეობარი“, ისევე როგორც ტელეანონსი არსებითად წარმოადგენს სატელევიზიო პროგრამას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ც) ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც პროგრამა არის პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის  მე-5 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ  და ზნეობრივ განვითარებაზე  მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების  იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების  ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. კომისია უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის  შესაბამისად, დარღევის სიმძიმის გათვალისწინებით, განიხილოს ლიცენზიის მფლობელის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დეკლარაციის შესახებ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების ან ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული პროგრამული შეზღუდვების სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან დაუცველობის  შემთხვევაში ამავე კანონის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია არ არის უფლებამოსილი, ქცევის კოდექსის მიღებამდე, გამოიყენოს ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია.

კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილს) საგულისხმოდ მიაჩნია, ის გარემოებაც, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სატელევიზიო პროგრამის (სატელევიზიო პროექტის „ჯეობარის“, ასევე ტელეანონსების) თაობაზე, მანამ სანამ არ იქნება მიღებული ზემოაღნიშნული ქცევის კოდექსი. შესაბამისად, კომისიამ ამ ნაწილში არ შეიძლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სამაუწყებლო კომპანიისათვის დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრების თაობაზეც.

    3) რაც შეეხება სამაუწყებლო რეკლამას, მისი ეთერში გაშვება რეგლამენტირებულია „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე“; მაგრამ, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, „სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს იმ პროდუქციის დემონსტრირებას, რომელიც ემსახურება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა.“ შესაბამისად, ინტიმური მომსახურების შეთავაზების თაობაზე შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ეთერში მორბენალ სტრიქონში განთავსებული რეკლამა, არსებითად ვერ ჩაითვლება სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამად; რაც შეეხება საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნ. აღაპიშვილის მოთხოვნას შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ეთერში განთავსებული „ნდობის ტელეფონის“ რეკლამის აკრძალვას, გასათვალისწინებელია ორი გარემოება: 1) შპს „ტელეკომპანია თბილის“-ს დროებით შეჩერებული აქვს მაუწყებლობა, შესაბამისად ნებისმიერ რეკლამის განთავსებაც; 2) არასათანადო ან/და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსების საკითხი არ წარმოადგენს აღნიშნული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საგანს, შესაბამისად ნ. აღაპიშვილი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას დამოუკიდებელი საჩივრით.

კომისიამ, მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის კავშირის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებებათა საჯარო (ზეპირი) მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის დასკვნის, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საქმეში დართული მტკიცებულიებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეთერში გადაცემული სატელევიზიო პროექტი „ჯეობარი“, ისევე როგორც შპს „ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ ეთერში გაშვებული ანონსები, არსებითად წარმოადგენენ სატელევიზიო პროგრამებს, თანახმად „მაუწყუებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ც) ქვეპუნქტისა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის  მე-5 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ  და ზნეობრივ განვითარებაზე  მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების  იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების  ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან დაუცველობის  შემთხვევაში, ამავე კანონის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია არ არის უფლებამოსილი, ქცევის კოდექსის მიღებამდე, გამოიყენოს ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია ვერ იმსჯელებს სატელევიზიო პროგრამის თაობაზე, მანამ სანამ არ იქნება მიღებული ზემოაღნიშნული ქცევის კოდექსი. შესაბამისად, კომისიამ ამ ნაწილში არ შეიძლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სამაუწყებლო კომპანიისათვის დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრების თაობაზეც.  

კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე“; თუმცა, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, „სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს იმ პროდუქციის დემონსტრირებას, რომელიც ემსახურება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა.“ შესაბამისად, ინტიმური მომსახურების შეთავაზების თაობაზე შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ეთერში მორბენალ სტრიქონში განთავსებული რეკლამა, არსებითად ვერ ჩაითვლება სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამად.

კომისია აღნიშნავს, რომ ვერ დაკმაყოფილდება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, აგრეთვე შპს „ტელეკომპანია თბილისის“  ლიცენზიათა გაუქმების ან/და შეჩერების მოთხოვნები, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, ლიცენზიის შეჩერება შესაძლებელია თუ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, ხოლო ლიცენზიის გაუქმება დაიშვება ამავე კანონის 74-ე მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის გამო, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას.

კომისია, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ნ. აღაპიშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ  შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ეთერში განთავსებული „ნდობის ტელეფონის“ რეკლამის საკითხთან დაკავშირებით, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ შპს „ტელეკომპანია თბილის“-ს დროებით შეჩერებული აქვს მაუწყებლობა, შესაბამისად ნებისმიერი რეკლამის განთავსებაც. ამასთან, არასათანადო ან/და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსების საკითხი არ წარმოადგენს აღნიშნული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საგანს.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის შესაბამისად, ადგილზე მოთათბირებით, ერთხმად 

გადაწყვიტა:

    1. დადასტურებულად იქნას  ცნობილი შპს „მზე“-ს მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 მუხლების, მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, მის მიერ  15 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის შეზღუდული მხატვრული ფილმის „მდიდარი რომ ვიყო“ 2005 წლის 16 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე, აგრეთვე 12 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის შეზღუდული მხატვრული ფილმების „შენ სულელი ხარ“ და  „ვნებათა ღელვა“, შესაბამისად - 2005 წლის 9  და 14 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე და  2005 წლის  14 ოქტომბერს და 8 ნოემბერს 10.30 სთ.-ზე ეთერში გაშვების გამო;

   2. დადასტურებულად იქნას  ცნობილი შპს „სამაუწებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 მუხლების, მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, მის მიერ 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეზღუდული ფილმის „სერიული მკვლელობები“-ს, შაბათობით, 15.20 სთ.-ზე ეთერში გაშვების გამო;

   3. ნაწილობრივ  დაკმაყოფილდეს მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის, კომისიასთან მოქმედი მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის (პ. ბერია) მოთხოვნები:

  ა) შპს „მზე“-მ 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე;

  ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა  5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე;

4. დაევალოთ სამაუწყებლო კომპანიებს: შპს „მზე“-ს და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 10 დღის ვადაში უზრუნველყონ მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ფილმების ინვენტარიზაცია მათთვის კანონით გათვალისწინებული კატეგორიების მინიჭების მიზნით;

   5. არ დაკმაყოფილდეს მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის,  ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და მოქალაქე გ. ყიფიანის, კომისიასთან მოქმედი მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის (პ. ბერია) მოთხოვნები შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ლიცენზიის შეჩერების თაობაზე, შპს „მზე“-ს გაფრთხილების თაობაზე, შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს დაჯარიმებისა და მისთვის ლიცენზიის შეჩერების თაობაზე, შპს „ტელეიმედი“-ს დაჯარიმების თაობაზე, აგრეთვე შპს „ტელეიმედისათვის“ და შპს „ტელეკომპანია თბილისისათვის“ დეკლარაციის გადაცემის ვალდებულების დაკისრების თაობაზე;

   6. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ი. ხარებავა):

 ა) ამ გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისათვის დროული გაგზავნა;

 ბ) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) სიახლეების ნაწილში განთავსება;

 გ) ეცნობოს საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნ. აღაპიშვილს, რომ იგი უფლებამოსილია შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ეთერში არასათანადო ან/და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსების საკითხის თაობაზე  მიმართოს კომისიას დამოუკიდებელი საჩივრით;

         7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

         8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებროვ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).       

კომისიის წევრი:                                                                             გ. ფრუიძე

(სხდომის თავმჯდომარე)

კომისიის წევრი:                                                                             დ. პატარაია

კომისიის წევრი:                                                                             

                                                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები