წვდომის მენიუ

შპს “მზის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 776 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

    კომისიის აპარატის სამრთლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ კომისიაში 2005 წლის 9 ნოემბერს შემოვიდა შპს “ტელეიმედის” წერილი N 6/841-05, რომლითაც იტყობინება, რომ შპს “მზე” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით), რომელიც ფლობს n 26 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელერადიომაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე), არღვევს შპს “ტელეიმედის” მომიჯნავე უფლებას ფილმზე “The Badge” (“ნიშანი”). ზემოაღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის განსაკუთრებული უფლება 2005 წლის 1 საქტემბრიდან 2006 წლის 31 აგვისტომდე მინიჭებული აქვს მხოლოდ შპს “ტელეიმედს”, მასსა და  “OC CP STUDIO”-ს შორის 2004 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ წერილს თან ერთვის  2004 წლის 6 ოქტომბრის “OC CP STUDIO”-თან  დადებული ხელშეკრულების ასლი; 2005 წლის 31 ოქტომბრის გაზეთი “TV პროგრამის” ასლი, სადაც მოცემულია შპს “მზის” მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე და რომელშიც გათვალისწინებულია მხატვრული ფილმის “The Badge” (“ნიშანი”)-ს საჯარო გადაცემა  2005 წლი 31 ოქტომბერს  22:40 სთ-ზე. აგრეთვე წერილს ერთვის შპს “მზის” მიერ აღნიშნული ფილმის ეთერით გადაცემის ვიდეო ჩანაწერი (ვიდეო კასეტა).

    გასათვალისწინებელია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის 2005 წლის 11 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება ზემოაღნიშნული ფილმის საჯარო ჩვენება შპს “მზის” მიერ 2005 წლის 31 ოქტომბერს  22:40 სთ-ზე.

   აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მზის” გაფრთხილების თაობაზე.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად დასტურდება შპს “მზის” მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 37-ე მუხლის  და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა, რომლის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და სალიცენზიო პირობებთან.

    კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამასხურს მიაჩნია, რომ შპს “მზის” მიერ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად “განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ”, ხოლო ეს უფლება მინიჭებული აქვს შპს “ტელეიმედს” შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის” 71-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს “მზე”, რათა მაუწყებლობის პროცესში შპს “მზემ” უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. 

2. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს “მზეს” 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;  

3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (მ. ქადეიშვილი) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს “მზისათვის” დროული მიწოდება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი).

კომისიის წევრები:                დ. პატარაია

                                                გ. ფრუიძე

                                                ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები