სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით სსიპ “საქართველოს საპატრიარქოს” ურბნისისა და რუისის ეპარქიამ სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ შიდა ქართლის რეგიონში. კერძოდ, გორის, ხაშურის და ქარელის რაიონებში.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, კომისია სათემო მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.
გორის, ხაშურის და ქარელის რაიონებში FM რადიომაუწყებლობით მოცვის მიზნით სალიცენზიო გადასახდელის გამოსათვლელად კომისიის მიერ გამოყენებული იქნა:
ა) სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობისათვის საჭირო სიხშირული ზოლის სიგანე;
ბ) სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობა;
გ) გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე;
დ) გორისა და ხაშურის რაიონების მოსახლეობის რაოდენობა და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
სიხშირული ზოლის სიგანის ღირებულება განისაზღვრა ლარებში, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები კოეფიციენტების სახით.
სიხშირული ზოლის სიგანე შეფასებული იქნა 4 500 ლარად, სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი განისაზღვრა 1.8 ოდენობით, გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი დიფერენცირებული იქნა სიმძლავრის მიხედვით და შეადგინა გორისათვის 0.85, ხოლო ხაშურისათვის 1.0.
აქედან გამომდინარე, საკონკურსო ფასმა გორისათვის შეადგინა 5,163.75, ხოლო ხაშურისათვის 6,075 ლარი. შესაბამისად, სულ სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა შეადგენს 11,238.75 ლარს.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჰ ”, 46-ე და 47-ე მუხლების თანახმად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოცხადდეს კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი პირობებით:
ა) სამოქმედო ზონა – გორის, ხაშურის და ქარელის რაიონები;
ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგ. კოორდინატები |
ანტ. სიმაღლ მიწის ზედ. მ |
სიხშირე მგჰც FM |
სიმძ კვტ |
გასხივების დიაგრამა |
|
გორი |
გორის ანძა |
41E50; 43N23
|
140 |
103.0 |
0.25 |
წრიული |
|
ხაშური |
ბექამის ანძა |
42E00; 43N33
|
25 |
102.3 |
0.5 |
წრიული |
გ) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 11,238.75 (თერთმეტი ათას ორას ოცდათვრამეტი ლარი და 75 თეთრი) ლარით;
დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 24 თებერვლის 13:00 საათი;
ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდეს 2006 წლის 20 იანვრის 17:00 საათამდე;
ვ) მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 27 იანვრის 16:00 საათი;
ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს 12 საათით;
2. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
გ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
დ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი;
ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;
ე) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
ვ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ზ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: 609326;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის შესაბამისად.
4. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სამართლის არაკომერციულ ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
5. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, \"მაუწყებლობის შესახებ\" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;
გ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;
6. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მაძიებელს და აძლევს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.
7. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
8. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
9.კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:
ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;
ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას;
გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.
10. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.
11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
12. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;
13. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში, თანაბარწილად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
14. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.
15.კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
16. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;
17. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
18. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, კვირაში ერთხელ, კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
19. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები;
20. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;
21. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
22. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკს) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
23. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
