შპს “აიეტის” N1273 ლიცენზიის მოდიფიცირების და შპს “აიეტსა” და შპს „ქვანტუმ გრუფს“ შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ქვანთუმ გრუფმა” (წერილი N12/1, 12.12.2005წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “აიეტთან” 2005 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება “ლიცენზიის გადაპირების შესახებ” და მოითხოვა შპს “ქვანთუმ გრუფზე” შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აიეტი” ფლობს N1273 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2001 წლის 27 აპრილს N269/1 გადაწყვეტილებით და რომელშიც გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსის – სასადგურო ინდექსი 50-ის გამოყოფა საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისთვის. ამასთან, 2002 წლის 22 იანვარს კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება N30/7, რომლითაც ცნობად იქნა მიღებული შპს “აიეტის” განცხადება ნუმერაციის გამოუყენებელი რესურსის კომისიისთვის გადაცემის შესახებ და შპს “აიეტს” განესაზღვრა მინიჭებული ნუმერაციის რესურსი 500XXX, 501XXX, 502XXX, 503XXX და 504XXX.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწიებს ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. აღნიშნულ კანონში, ისევე როგორც “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.
შპს “აიეტის” N 1273 ლიცენზია ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით (ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 500XXX- 504XXX) სარგებლობის უფლებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ქვანტუმ გრუფი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელზეც კომისიის მიერ გაცემულია ავტორიზაციის მოწმობა N41/1, 05.12.2005წ.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს N1273 ლიცენზიის მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ლიცენზიის მოდიფიცირება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად; ხოლო ამის შემდეგ, გადაპირების საფუძველზე სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს “ქვანტუმ გრუფისთვის”.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. N1273 ლიცენზია მოდიფიცირდეს და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”;
2. ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი N 10 და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 500XXX - 504XXX ;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 27 აპრილამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში;
3. N N 10 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “ქვანთუმ გრუფი”;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა სამი დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
