წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 794 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 23 დეკემბერს განიხილა  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და “შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“  შორის არსებული დავა.

           კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნას შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” მიმართ წარმოადგენს:

            სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს “კავკასიის ციფრული ქსელს” შორის 2004 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების, რომელიც ითვალისწინებს 100 სატელეფონო ნომრის გამოყოფას, გაუქმება და კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლის განცხადებით,  ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისთვის შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” იხდის 400 ლარს თვეში, რაც არ არის სპეციფირებული ერთ გადაცემულ ნომერზე გადასახადით და განსხვავდება კომერციული იურიდიული პირების სააბონენტო გადასახადისგან - 8 ლარისაგან, წუთობრივი მომსახურების საფასურის გადახდა კი არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ტელეფონის დადგმის ხელშეკრულებას და სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფას შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” აწარმოებს თვითონ. სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” მხოლოდ გამოყო ნუმერაციის რესურსი, რაზედაც მიერთებულია შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” კუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება თავისი ბუნებით წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას, ვინაიდან: კავშირის დამყარება ხდება შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” საერთო არხით, საბოლოო კომუტაცია ხდება შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” საკომუტაციო სადგურით და შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” ემსახურება 2595XX ნომრიან აბონენტებს; 2595XX ნომრიანი აბონენტებიდან შემოსული ზარები, ასს 55-ის აბონენტებთან ერთად, მიიმართება ქსელის საკომუტაციო სადგურში და იქვე ბოლოვდება ურთიერთჩართვის საშუალებებით შესაბამის საერთაშორისო, მობილურ თუ ადგილობრივი ქსელის ოპერატორებთან (თუმცა ეს უკანასკნელი ბოლომდე არ დასტურდება ბილინგის მონაცემებით). გარდა ამისა, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მიიჩნევს, რომ შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ ხდება მის ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულება და მათი, როგორც ადგილობრივი ზარების, აღრიცხვა.

            აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა ოპერატორების დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიაჩნია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” და შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის 2595XX ნომრებზე აღრიცხული ტრაფიკი მოქცეულ უნდა იქნეს ურთიერთჩართვის ანგარიშსწორებაში. რაც შეეხება სანომრე რესურსების იჯარის საფასურს, ის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს შესაბამის ხელშეკრულებაში და შეთანხმდეს წინასწარ მხარეთა შორის.

            შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” აღნიშნავს, რომ 2595XX გამომავალი გამოძახებები მათი მხრიდან მიმართულია განცალკევებულად E1 არხში. აღნიშნული განცალკევების რეალიზაცია სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” თავის მხარეს ვერ მოახდინა, მიუხედავად მათი თხოვნისა. აღნიშნულ ნომრებზე შემოსული ყველა გამოძახება ბოლოვდება მათი ოფისის მინი ასს-ის გავლით ოფისის ტელეფონებზე. ხოლო ყველა გამავალი გამოძახება ხორციელდება ოფისის ტელეფონებიდან იგივე მინი ასს-ს გავლით. ანგარიშსწორება აღნიშნულ ტელეფონებზე ხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად, ასევე ხდება აღრიცხვა და წუთობრივი გადასახადის გადახდა, 822-ის აკრეფით მიღებულ მომსახურებებზე. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის უკვე არსებობს. 1.06.2004წ.  ხელშეკრულების პირობები თუ არ არის მისაღები  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთვის”, შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” თანახმაა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ანალოგიური მომსახურების მიწოდებისთვის სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით (მათ შორის ტარიფებით) გააფორმოს ხელშეკრულება. ამასთან აღნიშნა, რომ მის კომპანიას არ ესაჭიროება 100 სატელეფონო ნომერი ოფისისათვის, მათთვის საკმარისი იქნება მხოლოდ 16 სატელეფონო ნომერი.

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ არ გააჩნიათ ტექნიკური საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველყონ შპს “კავკასიის ციფრული ქსელისთვის” 16 სატელეფონო ნომერი.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 100 სატელეფონო ნომრის – 2595XX მომსახურების თაობაზე 2004 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და კომისიას არ გააჩნია მისი გაუქმების  უფლებამოსილება.  კომისიას ასევე მიაჩნია, რომ შპს “კავკასიის ციფრული ქსელი” უფლებამოსილია მიიღოს სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომსახურება, როგორც აბონენტმა იმ ტარიფებით, რაც სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დადგენილი აქვს თავისი აბონენტებისათვის.

            კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადებების საფუძველზე კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა სატესტო ზარები და ამ სატესტო ზარებიდან არც ერთი საერთაშორისო ზარი არ არის დასრულებული სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” იმ ციფრული ნაკადის საშუალებით, რომლითაც ხდება ზემოაღნიშნული 100 სატელეფონო ნომრის მომსახურება. არც სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასატურებდა  შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებას.  აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა ურთიერთჩართვის პირობების დადგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

             „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მოთხოვნა შპს “კავკასიის ციფრულ ქსელთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის წევრები:                                             დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები