წვდომის მენიუ

2.2გჰც-2.4გჰც სიხშირულ დიაპაზონში წარმოქმნილი ხელშეშლებისგამოვლენის და აღმოფხვრის მიზნით მონიტორინგის ჩატარების შესახებ

ნომერი: 810 / 20

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს კომისიას განცხადებით მიმართა ი/ს “კონსტანტინე ასათიანმა” 2.2გჰც-2.4გჰც სიხშირულ ზოლში ლიცენზირებულ სიხშირეებზე ხელშეშლების შესახებ.

წინასწარი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენას” ტერმინალური დანადგარები, რომლებიც განლაგებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსსა და აკურის ქუჩაზე N 7-ში მდებარე შენობის სახურავებზე, ფუნქციონირებენ არალიცენზირებული, ნებადართულ 2.4გჰც-2.5გჰც ზოლში და ამავდროულად მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ 2.2გჰც-2.4გჰც სიხშირეების ფარგლებში, რაც ხელშეშლების წარმოქმნის მიზეზია.

აღნიშნული დარღვევის თაობაზე კომისიამ წერილობით 2005 წლის 18 ნოებერს მიმართა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენას” ხელმძღვანელობას, რათა მიეღო ზომები არსებული ხელშეშლების აღმოფხვრის შესახებ, რის შემდეგ ასევე წერილობით 2005 წლის 2 დეკემბერს ასოციაცია “გრენამ” განაცხადა 2.4გჰც-2.5გჰც ზოლს გარეთ გამოსხივების უმოკლეს ვადაში შეწყვეტის უზრუნველყოფის თაობაზე.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, 2.2გჰც-2.4გჰც სიხშირულ დიაპაზონში წარმოქნილი ხელშეშლების აღმოფხვრის მიზნით ჩატარდეს საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენას” ტერმინალური დანადგარების მონიტორინგი, რადგან ხელშეშლები არ არის აღმოფხვრილი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  ჩატარდეს საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენას” ტერმინალური დანადგარების გამოსხივების მონიტორინგი;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ. გოთოშია) უზრუნველყოს საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენას” ტერმინალური დანადგარების გამოსხივების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგები არსებული ფორმით წარუდგინოს კომისიას;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) ერთი თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                                                დ.პატარაია

კომისიის წევრი                                                                                გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები