მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებებისგანსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2006
მიღების თარიღი მარტი 17, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 10 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში “საზოგადოებრივი დამცველი”) პ. ბერიამ კომისიას მიმართა მოთხოვნით, დაიწყოს მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებების განხილვა საჯარო (ზეპირი) მოსმენის წესით, ცალკეული სამაუწყებლო კომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევების გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული პროგრამული შეზღუდვების, სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან დაუცველობის შემთხვევაში ამავე კანონის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია არ არის უფლებამოსილი, ქცევის კოდექსის მიღებამდე, გამოიყენოს ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია.
კომისიამ საგულისხმოდ მიიჩნია, ის გარემოებაც, რომ კომისია არც ფაქტობრივ გარემოებათა გამო და არც იურიდიული თვალსაზრისით, არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სატელევიზიო ფილმის ან პროგრამის თაობაზე, მანამ სანამ არ იქნება მიღებული ქცევის კოდექსი, რომლის მიღებაც უნდა განხორციელდეს 2006 წლის 31 დეკემბრამდე, ვინაიდან “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ქცევის კოდექსით.”
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქე გ. ყიფიანის განცხადებების საფუძველზე მან არ შეიძლება მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სამაუწყებლო კომპანიისათვის დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრების თაობაზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას მოქალაქე გ. ყიფიანს მის მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვაზე;
2. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ი.ხარებავა) დაუყოვნებლივ აცნობის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქე გ. ყიფიანს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;
4. ეთხოვოს კომისიის წევრს დავით პატარაიას გააკონტროლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
