მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 14, 2006
მიღების თარიღი აპრილი 11, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ყველა პირს, რომელიც ახორციელებს ან შეიძლება ახორციელებდეს აღნიშნული სახის მომსახურებას, დაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2006 წლის 5 აპრილი.
2006 წლის 11 აპრილს კომისიაში გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ ინფორმაცია წარმოდგენილი არ აქვს კომპანების უმრავლესობას.
კომისია აღნიშნავს, რომ ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია ბაზრის კვლევის და ანალიზის ჩატარება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას კანონით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის თაობაზე ზეპირი მოსმენა 2006 წლის 18 აპრილს 12 საათზე;
2. განისაზღვროს ვადა მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალური არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის მიზნით ინფორმაციის წარმოდგენისთვის 2006 წლის 14 აპრილამდე;
3. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
