წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 161 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2006

მიღების თარიღი აპრილი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.  აღნიშნული კომპანია ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას და  მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ესაჭიროება მობილურ ქსელში დაშვების სამნიშნა კოდი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომს” გავლილი აქვს ავტორიზაცია მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებაზე (ავტორიზაციის მოწმობა N7/1).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილების “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 15000 ლარს.

 კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ციფრების სამნიშნა კომბინაციის თავისუფალი ნუმერაციის რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.         გამოცხადდეს აუქციონი 8-91 (რვა-ცხრა-ერთი) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად;

2.         ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის  15 ივნისის 17:00 საათამდე;

3.         რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

4.         აუქციონის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 30 ივნისის 13:00  საათი;

5.         ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

6.           ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

8. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

9. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                              დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                         დ. პატარაია

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები