წვდომის მენიუ

“რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 21 თებერვლის N 68/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 162 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2006

მიღების თარიღი აპრილი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის 13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ 2006 წლის 21 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 21 აპრილი 13:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები  არ მუშაობენ უქმე დღეებში და მათ შორის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად - სააღდგომო დღეებში - დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე  აღდგომის დღეს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, ორშაბათს, რაც გარდამავალი თარიღებია.

            საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო ტექნიკური პირობებით, ან გადაუდებელი საავარიო-სარემონტო და გადატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექცის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 21 თებერვლის №68/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში და აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზრვროს 2006 წლის 25 აპრილი, 13.00 საათი.

2. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე:                             დ. ქიტოშვილი

წევრები:                                                         დ. პატარაია

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები