რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2006
მიღების თარიღი აპრილი 25, 2006
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში შემოიტანა ორმა კომპანიამ: შპს “ჯეოსელმა” და შპს “არგოტექსმა”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯეოსელისა” და შპს “არგოტექსის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 162/10 გადაწყევტილებით ცვლილება იქნა შეტანილი 2006 წლის 21 თებერვლის №68/10 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 25 აპრილის 13:00 საათი;
აუქციონი გაიმართა 2006 წლის 25 აპრილს კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს ჯეოსელმა” და შპს “არგოტექსმა”.
აუქციონის მიმდინარეობა ასახულია კომისიის სხდომის ოქმში (ოქმი №24).
აუქციონის მსვლელობისას გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 27 (ოცდაშვიდი) ბიჯი, სულ 19.954.782 (ცხრამეტი მილიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ლარი დააფიქსირა შპს “არგოტექსმა”.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1920-1935 მგჰც, 2110-2125 მგჰც, 1910-1915 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „არგოტექსი“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 19.954.782 (ცხრამეტი მილიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს „არგოტექსმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის (5,986,434.6 (ხუთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი ლარი და 60 თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 849.145 (რვაას ორმოცდაცხრა ათას ას ორმოცდახუთი) ლარი ანუ 5.137.289,6 (ხუთი მილიონ ას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდაცხრა ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა 2006 წლის 25 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (13.968.347,4 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. შპს „არგოტექსის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „არგოტექსს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
5. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შპს “არგოტექსის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (849.145 (რვაას ორმოცდა ცხრა ათას ას ორმოცდახუთი) ლარი) თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
6. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
