საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2006
მიღების თარიღი აპრილი 28, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობებს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ასევე კომისიის კომპეტენციაა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის” შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები განეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის ფორმებს.
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სამართალსუბიექტების მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატასთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების (პროექტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციაში გატარებას, ხოლო ზემოაღნიშნული ბრძანება კი სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს:
ა) კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (თან ერთვის);
ბ) კერძო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის ნიმუში (თან ერთვის);
გ) სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის ნიმუში (თან ერთვის);
დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის ნიმუში (თან ერთვის);
ე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის ნიმუში (თან ერთვის);
ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ნიმუში (თან ერთვის);
2. წარედგინოს შპს „საგამომცემლო პოლიგრაფიულ სახლ კაბადონს” კომისიის მიერ გამოყენებადი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული ნიმუშები საკონტროლო ეგზემპლარების დასამზადებლად;
3. კომისიის მიერ გამოყენებადი მკაცრი აღრიცხვის ფორმების საკონტროლო ეგზემპლარების შპს „საგამომცემლო პოლიგრაფიულ სახლი კაბადონი”-დან მიღებისთანავე მოხდეს მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სარეგისტრაციოდ წარდგენა;
4. კომისიის აპარატში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი ი. ხარებავა;
5. კომისიაში არსებული სალიცენზიო მოწმობისა და თანმხლები ბლანკების კომისიის აპარატის ადმინისტრაციისათვის გადაცემა მოხდეს სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ყველა სტრუქტურულ ერთეულს უპირობოდ დაიცვან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წინამდებარე წესი;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები:
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
„დამტკიცებულია”
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2006 წლის 28 აპრილის 172/22 გადაწყვეტილებით
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების
გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატასთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები);
2. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებით (დოკუმენტებით) მომარაგებას კომისია ახორციელებს დამოუკიდებლად;
3. კომისია ვალდებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) წარმოებაში გამოვლენილი დარღვევებისას იმოქმედოს დაუყოვნებლივ, არსებული წესის შესაბამისად;
4. წინამდებარე წესის მოთხოვნათა დარღვევა, შეუსრულებლობა ან უგულებელყოფა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოსაყენებელ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს (დოკუმენტებს) წარმოადგენს:
ა) სალიცენზიო მოწმობები;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მუხლი 3. სალიცენზიო მოწმობა
1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე გაიცემა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობა, ცალკე ლიცენზია არ გაიცემა;
2. სალიცენზიო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის, კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე;
3. კერძო და სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიის სახეს და ლიცენზიის სახეობას, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, მაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებს და სალიცენზიო ვალდებულებებს, სალიცენზიო მოწმობის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;
4. რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს ან ნუმერაციის რესურსს, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, სალიცენზიო მოწმობის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;
5. სალიცენზიო მოწმობას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
მუხლი 4. ლიცენზიების ნუმერაცია
1. ლიცენზიები ინომრება რეესტრში შეტანის მიზნით;
2. სამაუწყებლო ლიცენზიას ენიჭება კოდი B და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.;
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.;
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი № და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.
მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობების ნუმერაცია
სამაუწყებლო, რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები ინომრება რიგითობის მიხედვით, ექვსნიშნა ნუმერაციით – 00 00 01, 00 00 02 და ა.შ.
მუხლი 6. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის გადაპირებისას
1. ლიცენზიის სრული პირდაპირი გადაპირებისას ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა;
2. ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირებისას ხდება ლიცენზიის ნაწილის გამოყოფა არსებული ლიცენზიიდან, და გამოყოფილ ლიცენზიას ენიჭება ახალი ნომერი. ლიცენზიის ძველ და ახალ მფლობელებზე გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობები.
3. პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინასწარ ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 7. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის ცვლილებისას
ლიცენზიის მოდიფიცირების, (ცვლილების) შემთხვევაში, როცა იცვლება სალიცენზიო მოწმობის რეკვიზიტები, ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა. ამ შემთხვევაში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ნუმერაცია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ენიჭება ექვსნიშნა ნომერი -00 00 01, 00 00 02 და ა.შ.
მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და რეგისტრაცია
1. სალიცენზიო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ახორციელებს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახური;
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) ახორციელებენ მონიტორინგისა და მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურები.
მუხლი 10. სალიცენზიო მოწმობების გაცემა
შევსებული სალიცენზიო მოწმობის გაცემა ხდება ლიცენზიის მფლობელის უფლებამოსილ პირზე – დირექტორზე ან საამისოდ უფლებამოსილ წარმომადგენელზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც სარეგისტრაციო ჟურნალში ადასტურებს ხელმოწერით სალიცენზიო მოწმობის მიღებას.
მუხლი 11 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაცემა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება 3 პირად, საიდანაც პირველი პირი გადაეცემა სამართლებრივ საკითხთა სამსახურს, მეორე რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენთან, ხოლო მესამე - ოქმის შემდგენელთან.
მუხლი 12. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს ლიცენზიის მფლობელის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;
2. დაკარგული სალიცენზიო მოწმობის მფლობელმა დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;
ბ) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შესახებ;
გ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად;
4. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი”;
5. გაცემული დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 3).
მუხლი 13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება და მიღება
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას კომისია ახორციელებს პოლიგრაფიული საწარმოსათვის (რომლებიც აკმაყოფილებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს) ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პასუხისმგებელ პირს კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე;
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემაზე გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა სამ ეგზემპლარად, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი, რულონების ან წიგნების რაოდენობა, ბლანკის რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ანგარიშ-ფაქტურის ორი ეგზემპლარი გადაეცემა კომისიას, რომელთაგან ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით წარედგინება აპარატის ფინანსურ სამსახურს, ხოლო მეორე რჩება პასუხისმგებელ პირს;
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები აღირიცხება მასალების ბუღალტრულ ანგარიშზე მათი შეძენის ფაქტობრივი თვითღირებულებით;
5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღებისას, თუ მათი ფაქტიური რაოდენობა და ნუმერაცია არ შეესაბამება თანმხლებ დოკუმენტებში აღნიშნულს, შედგება აქტი, რომელიც წარედგინება ფორმების მიმწოდებელ საწარმოს სხვაობის მიზეზების დასადგენად და სათანადო ზომების მისაღებად;
6. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით დროული უზრუნველყოფისა და სათანადო მარაგების შექმნაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაცია.
მუხლი 14. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა, აღრიცხვა და გაცემა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება კომისიის აპარატის ადმინისტრაციაში;
2. პასუხისმგებელმა პირმა კომისიის აპარატის ყველა მუშაკს, რომელთაც ევალებათ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის;
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას;
4. კომისია უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას;
5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემა აპარატის პასუხისმგებელი მუშაკისათვის, ხორციელდება სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება კომისიის გადაწყვეტილების ან/და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების ნომერი, თარიღი, ფორმის დასახელება, რაოდენობა და რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში (დანართი 4);
6. აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქვეანგარიშოდ მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მათი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეული ზიანისთვის.
მუხლი 15. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმები ჩამოიწერება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ბლანკის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით (დანართი 5). ჩამოწერის აქტი დგება პასუხისმგებელი პირის მიერ და მოწმდება კომისიის წევრების ხელმოწერით;
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
