შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006
მიღების თარიღი მაისი 05, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის შესახებ.
2006 წლის 5 მაისს კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა მხარეთა მოთხოვნები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა;
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები ლ.ინჯია და ხ.ინჯია.
შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: 1. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “ახალი ქსელებისთვის” ქ.თბილისის და ქ.ქუთაისის ქსელში სიმძლავრის მიწოდება ახალი სისტემის ტესტირებისთვის; 2. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის 62, 66, 67/68 ასს-ების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობების კომისიის მიერ დადგენა.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა თ.გოთუამ განაცხადა, რომ თუ შპს “ახალ ქსელების” მიერ წარმოდგენილი იქნება ტესტირების ჩამოყალიბებული პროგრამა, მათ მიერ განხილული იქნება ეს საკითხი. რაც შეეხება ხელშეკრულების პირობების დადგენას, თ.გოთუამ აღნიშნა, რომ მათ მიერ ხელშეკრულების პროექტი გადაგზავნილია შპს ”ახალი ქსელებისთვის”, რაზედაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
კომისიის სხდომაზე შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელს გადაეცა 62, 66, 67/68 ასს-ების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პროექტი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვა 2006 წლის 11 მაისს 16:00 საათზე ;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
