ინდივიდუალური მეწარმე კონსტანტინე ასათიანისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006
მიღების თარიღი მაისი 05, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) მიმართა ი/მ კონსტანტინე ასათიანმა კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №178/2 გადაწყვეტილების საფუძველზე და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა. ი/მ კონსტანტინე ასათიანმა წარმოადგინა სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №78/13 გადაწყვეტილებით ი/მ კონსტანტინე ასათიანს მინიჭებული აქვს 2.2-2.4 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში მეორადი გამოყენების უფლებით, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით N1452 ლიცენზიის მოქმედების ვადით 28.01.2015 წლამდე;
ი/მ კონსტანტინე ასათიანს სიხშირეები მინიჭებული აქვს მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. კომისიას მიაჩნია, რომ ეს პირობა გადატანილი უნდა იქნას ლიცენზიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ი/მ კონსტანტინე ასათიანს უნდა მიეცეს რადიოსიხშირელი სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F 9 ი/მ კონსტანტინე ასათიანს 2.2-2.4 გჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში მეორადი გამოყენების უფლებით 10 წლის ვადით;
2. განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ლიცენზიის მფლობელს სიხშირეები მინიჭებული აქვს მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად გულისხმობს: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
