წვდომის მენიუ

ანჯიოლო ბელინისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 192 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2006

მიღების თარიღი მაისი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 20 აპრილის N164/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1950-1965 მგჰც, 2140-2155 მგჰც, 2010-2015 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა ანჯიოლო ბელინიმ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებლის მისამართი განცხადების   სავალდებულო რეკვიზიტია, რაც არ გააჩნია ანჯიოლო ბელინის განცხადებას.  გარდა ამისა, მის მიერ წარმოდგენილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი შედგენილია იტალიურ ენაზე და არ ახლავს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება ვერ იქნება გაგზავნილი განმცხადებლისათვის მისამართის არარსებობის გამო. გადაწყვეტილება გამოქვეყნებული იქნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N164/10 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა ანჯიოლო ბელინის 2006  წლის 18 მაისამდე შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტის წარმოსადგენად:

   ა)  პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

   ბ) აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილი ნაკლოვანი განცხადების სრულყოფისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად;

2. უზრუნველყოს კომისიის ადმინისტრაციამ (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის წევრები:                                                          დ.პატარაია

                                                                                        გ.ფრუიძე

                                                                                         ზ.ნონიკაშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები