შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში ურთიერთჩართვის წერტილებში სიმძლავრის გამოყოფის და 62, 66, 67/68 ასს-ების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2006
მიღების თარიღი მაისი 11, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიმ 2006 წლის 11 მაისს განიხილა შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავა ქ.თბილისში და ქ.ქუთაისში ურთიერთჩართვის წერტილებში სიმძლავრის გამოყოფის და 62, 66, 67/68 ასს-ების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა;
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლები ნ. ჟღენტი და ლ. ინჯია.
მხარეთა შორის არსებულ სადავო საკითხებს წარმოადგენს:
1. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “ახალი ქსელებისთვის” ქ.თბილისის ქსელში სიმძლავრის მიწოდების თაობაზე;
2. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის 62, 66, 67/68 ასს-ების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე.
პირველ საკითხთან დაკავშირებით შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნას წარმოადგენს: ქ.თბილისში ასს 33-ში, ასს 32-ში და ქ.ქუთაისში ასს 4-ში დამონტაჟებული ახალი გენერაციის ქსელის აპარატურის ტესტირებისთვის სიმძლავრის გამოყოფა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ურთიერთჩართვის წერტილებში. შპს ”ახლი ქსელები” აღნიშნავს, რომ ეს აპარატურა გამოყენებული იქნება ურთიერთჩართვისთვის.
ლ.ინჯიამ აღნიშნა, რომ კომისიის მოსამზადებელი სხდომის შემდეგ მათ მიერ წერილი კიდევ ერთხელ იქნა გაგზავნილი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”, რომელშიც აღწერილია შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნა. ქუთაისში უკვე გამოყოფილია სიმძლავრე და ერთი საათია, რაც მიმდინარეობს ტესტირება. რაც შეეხება თბილისს, მხოლოდ ასს 37-ში იქნა გამოყოფილი სიმძლავრე. შპს ”ახალი ქსელების” მოთხოვნაა, რომ სიმძლავრის გამოყოფა მოხდეს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ყველა ურთიერთჩართვის წერტილში.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა თ.გოთუამ განაცხადა, რომ შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ურთიერთჩართვა განხორციელებულია და პრეტენზია არ გამოთქმულა მის სიმძლავრესა და ხარისხზე. სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” არ გააჩნია ვალდებულება დამატებითი სიმძლავრის მიწოდებაზე ახალი სისტემის ტესტირებისთვის. თუმცა მათ გამოავლინეს კეთილი ნება, და გამოსაცდელად გამოყოფენ სიმძლავრეს თბილისშიც, იმ პირობით, რომ გამოცდის პროგრამა ზუსტად იქნება ჩამოყალიბებული და შეთანხმებული.
კომისიის სხდომაზე საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიმძლავრის მიწოდების ტექნიკური საშუალება არსებობს, რაც განხორციელებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ კომისია თავისი გადაწყვეტილებით კანონის შესაბამისად დაავალდებულებს კომპანიას ამის განხორციელებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს აბონენტის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ქ.თბილისში და კომისიის გადაწყვეტილებით (№808/22, 27.12.2005წ.) მას დაკისრებული აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება.
კომისიამ გაითვალისწინა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარების დონე, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ტექნიკური შესაძლებლობები და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობა, აგრეთვე ის გარემოებები, რომ ამ ვალდებულების შესრულება აუცილებელია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გრძელვადიანი კონკურენციის უზრუნველყოფისათვის და არ არის დაკავშირებული ინვესტიციის განხორციელებასთან ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან, და მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია უზრუნველყოს შპს ”ახალი ქსელებისთვის” მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება ურთიერთჩართვის წერტილებში.
2. მეორე საკითხთან დაკავშირებით შპს ”ახალმა ქსელებმა” წარმოადგინა შენიშვნები სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შედგენილ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირობების იურიდიული ფორმულირება საჭიროებს ჩამოყალიბებას, რაც ხელს არ შეუშლის ხელშეკრულების გაფორმებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ქ.თბილისის ქსელში ურთიერთჩართვის წერტილებში შპს ”ახალი ქსელების” მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება ერთი კვირის ვადაში;
2. უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და შპს ”ახალმა ქსელებმა” 62, 66, 67/68 ასს-ების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა კომისიაში ერთი კვირის ვადაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები:
დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
