ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2006
მიღების თარიღი ივნისი 02, 2006
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში მხოლოდ შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა” წარმოადგინა.
კომისია აღნიშნავს, რომ „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2006 წლის 2 ივნისის კომისიის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა”.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული აუქციონის ერთი ბიჯი ანუ 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი. ამასთან, აუქციონის პირობების თანამხად, აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ აირჩია ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი - 8-5-3 (რვა-ხუთი-სამი);
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
2. განისაზღვროს შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისთვის” გასაცემი ლიცენზიის ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი 8-5-3 (რვა-ხუთი-სამი);
3. უზრუნველყოს შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1,500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარი ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2006 წლის 2 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - №200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - №220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - №300043018;
4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე მუხლში გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) შპს “კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი (1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი) თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (თ. ტყეშელაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
