წვდომის მენიუ

შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 226 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2006

მიღების თარიღი ივნისი 02, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 2006 წლის 1 მაისს კომისიის მიერ განხორციელდა ავტორიზებული პირის შპს “აიეტის”, (ავტორიზაციის № 67/1 საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა) საქმიანობის მონიტორინგი -  მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა შემოწმების აქტი.

შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 1 მაისს 16:20 სთ-ზე, შპს “აიეტის” ოფისში, განთავსებული ქუჩიშვილის ქ. №6 მითითებულია, რომ შპს “აიეტი” ახორციელებს 49 არხის რეტრანსლირებას; აღნიშნული დაადასტურა შპს “აიეტის” წარმომადგენელმა, პროგარამების მენეჯერმა ნანა ნამორაძემ და იურისტმა სოფო ნემსაძემ. 

     შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს “აიეტი” ახორციელებს არხების: “Mир”, “НТВ+СПОРТ”, “НТВ+премиера”, “НТВ+киноклуб-ის რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ სკითხთა სამსახურს.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “აიეტი” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას.

        “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს “აიეტის” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2006 წლის 16 ივნისს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42.

3. შპს “აიეტს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “აიეტისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

4. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.

5. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი:                                                                  გ. ფრუიძე

                                                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები