კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006
მიღების თარიღი იანვარი 20, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის N645/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად სამი გადამცემის გამოყენებით კახეთის რეგიონში. აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა: დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2005 წლის 10 ნოემბრის 17:00 საათი, საკონკურსო სხდომის თარიღად - 2006 წლის 20 იანვრის 14:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობად – 8,525.25 (რვა ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და 25 თეთრი) ლარი; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის N645/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” და შპს “საქართველო XXI საუკუნემ“, ხოლო შპს “თანამგზავრის” წარმოდგენილი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის N815/12 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2006 წლის 20 იანვარს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ შპს ”საქართველო XXI საუკუნეს” დირექტორი ნანა ქიბიშაური და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დირექტორი რამაზ სამხარაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისია გამარჯვებულის გამოსავლენად ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა; ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
კერძო საეთერო რადიომაუწყებლობაზე გამოცხადებულ კონკურსში ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ანალიზის ჩატარების შედეგად პრიორიტეტულედ იქნა მიჩნეული შპს “საქართველო XXI საუკუნე” -ს მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია. უპირატესობის მინიჭების საფუძველი – საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციებიდან მხოლოდ შპს “საქართველო XXI საუკუნე”–ს კონცეფციაში არის სრულად წარმოდგენილი რადიოსადგურის სამომავლო პროგრამირება, სამაუწყებლო ბადე და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა შპს “საქართველო საქართველო XXI საუკუნე”.
კონკურსში მონაწილე შპს “საქართველო XXI საუკუნე”-ს დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ქიბიშაურმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 8,525.25 (რვა ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და 25 თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “საქართველო XXI საუკუნე“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 8,525.25 (რვა ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და 25 თეთრი) ლარი;
2. სალიცენზიო გადასახდელის 20% - 1.705,05 (ერთი ათას შვიდას ხუთი ლარი და ხუთი თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 852.53 (რვაას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის გამოკლებით (852.53 ლარი) მიიმართოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 6.820,20 (ექვსი ათას რვაას ოცი ლარი და 20 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეთათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტში გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შპს “საქართველო XXI საუკუნე“-სთვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე;
7. შპს “საქართველო XXI საუკუნე“-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის 2006 წლის 20 თებერვლამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
8. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;
9. უარი ეთქვას შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” ლიცენზიის გაცემაზე;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
