შპს “ტვ ERA”-ს გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2006
მიღების თარიღი ივნისი 16, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის თავმჯდომარის 2006 წლის 21 თებერვლის № 4/10 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე ბრძანების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 23 თებერვალს, შპს “ტვ ERA”-ს ოფისში, განთავსებული ქ. ბათუმი, ერას ქ. №17, მითითებულია, რომ შემოწმებისას მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოთხოვნილი დუკუმენტაცია, კერძოდ ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც შპს “ტვ ERA” (რეგისტრაციის ნომერი 117/1, საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა) ახორციელებს ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ტელეპროგრამების ტრანსლირებას მის საკაბელო ქსელში, არ იქნა წარმოდგენილი.
შემოწმების შედეგად (აუდიოვიზუალური ძებნის მეთოდით, გადამრთველი პულტით) გამოვლინდა, რომ კომპანია ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს არხების: “EUROSPORT”, “EURONEWS”, “НТВ + Футбол”, “CNN”, “ОРТ“, “РТР Култура”, “Детский Мир”, “НТВ” “НТВ Спорт”, “НТВ Кино хит”, “РТР Спорт Планета”, “C1”, “ТНТ”, “СТС”, “МузTV”, “РТР Рассия”, “Show TV”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის 1 არხი”, “ტვ 25”, “აჭარა”, “იმედი” -ის რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ სკითხთა სამსახურს.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “ტვ ERA” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას, თუმცა შპს “ტვ ERA”-ს მენეჯერი ბ-ნ სულხან გოგიტიძე შემოწმების აქტში განმარტავს, რომ იგი არ თვლის აღნიშნულ ქმედებას კანონდარღვევად, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ტვ ERA”-ს გაფრთხილების თაობაზე;
2. შპს “ტვ ERA”-ს გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2006 წლის 23 ივნისს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42;
3. შპს “ტვ ERA”-ს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ტვ ERA”-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
