შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”საქართველოს სატელეფონო კომპანია GTC”-ის, სს ”ეგრისის”, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, სს ”გლობალ ერთის”, შპს ”საქართველოს ტელეკომის”, შპს”სანეტის” ადმინისტრაციული საჩივრის მიღებისა და განხილვაზე უარის
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2006
მიღების თარიღი ივნისი 23, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 20 აპრილს კომისიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს ”საქართველოს სატელეფონო კომპანია GTC”-მა, სს ”ეგრისმა”, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ”, სს ”გლობალ ერთმა”, შპს ”საქართველოს ტელეკომმა” და შპს ”სანეტმა”. საჩივრის ავტორები მოითხოვენ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების ” ცალკეულ პუნქტში ცვლილებების შეტანას და მათ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე და 181-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ დაინტერესებულ პირებს განუსაზღვრა ვადა აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად. კერძოდ, მათ უნდა დაეზუსტებინათ თუ რა სახის დოკუმენტი ჰქონდათ კომისიაში განსახილველად წარდგენილი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული განცახდება, თუ ამავე კოდექსის მე-13 თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივარი.
2006 წლის 15 მაისს დაინტერესებულმა პირებმა დააზუსტეს თავიანთი მოთხოვნა, ცალსახად განსაზღვრეს, რომ კომისიაში განსახილველად წარდგენილი ერთობლივი საჩივარი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ საჩივარს ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს,რომ იგი არ არის უფლებამოსილი მიიღოს და განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
”დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-18 მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაცული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ორგანოა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქ არსებობს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-4 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-18 მუხლის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”საქართველოს სატელეფონო კომპანია GTC”-ს, სს ”ეგრისს”, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, სს ”გლობალ ერთს”, შპს ”საქართველოს ტელეკომს”, შპს ”სანეტს” ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა და განხილვაზე ეთქვათ უარი.
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი: გ. ფრუიძე
კომისიის წევრი: ზ. ნონიკაშვილი
