წვდომის მენიუ

შპს “რიკას”-ს გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 293 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2006

მიღების თარიღი ივლისი 07, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესრულებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის თავმჯდომარის 2006 წლის 21 თებერვლის № 4/10 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე ბრძანების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი.

    შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 23 თებერვალს, შპს “რიკას”-ს სადგურში, განთავსებული ქ. ბათუმი თამარის დასახლება კორპუსი №8, ბინა №40, მითითებულია, რომ შემოწმებისას მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოთხოვნილი დუკუმენტაცია, კერძოდ ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც შპს “რიკა” (რეგისტრაციის ნომერი 152/1) ახორციელებს ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ტელეპროგრამების ტრანსლირებას მის საკაბელო ქსელში, არ იქნა წარმოდგენილი.

       შემოწმების შედეგად (აუდიოვიზუალური ძებნის მეთოდით, გადამრთველი პულტით) გამოვლინდა, რომ კომპანია ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს არხების: “EUROSPORT”, “EURONEWS”,НТВ Кино клуб”, “НТВ + Футбол”, “CNN”, “ОРТ“, “НТВ”, “НТВ Премиера”,  “НТВ Наше Кино”, “РТР Спорт”, “ТНТ”, “СТС”, “МузTV”, “РТР Рассия”, “НТВ Кино хит”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის 1 არხი”, “ტვ 25”, “Romantica”, “Jetix”, “ТВ... Discovery”,  “იმედი”, “Ren TV”, “ ДТВ Viasat”, “Animal planet”, “Муз Бох”,  “აჭარა”, “МTV”,   “I+”,  “I სტერეო” - ს რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ სკითხთა სამსახურს.

     კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “რიკა” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას. შემოწმების აქტში მითითებული არხების არსებობას შპს “რიკას” საკაბელო ქსელში ხელმოწერით ადასტურებს მოწმეები.

  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “რიკას”-ს  გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს “რიკა”-ს  გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2006 წლის 14 ივლისს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42.

3. შპს “რიკა”-ს  უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “რიკა”-სთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი:                                                                   გ. ფრუიძე                                                                                        

                                                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები