შპს “რიკას”-ს გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2006
მიღების თარიღი ივლისი 14, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის თავმჯდომარის 2006 წლის 21 თებერვლის № 4/10 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი. ამავე
ბრძანების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 2006 წლის 23 თებერვალს, შპს “რიკას”-ს სადგურში, განთავსებული ქ. ბათუმი თამარის დასახლება კორპუსი №8, ბინა №40 მითითებულია, რომ შემოწმებისას მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოთხოვნილი დუკუმენტაცია, კერძოდ ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც შპს “რიკა” (რეგისტრაციის ნომერი 152/1) ახორციელებს ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ტელეპროგრამების ტრანსლირებას მის საკაბელო ქსელში, არ იქნა წარმოდგენილი.
შემოწმების შედეგად (აუდიოვიზუალური ძებნის მეთოდით, გადამრთველი პულტით) გამოვლინდა, რომ კომპანია ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს არხების: “EUROSPORT”, “EURONEWS”, “НТВ Кино клуб”, “НТВ + Футбол”, “CNN”, “ОРТ“, “НТВ”, “НТВ Премиера”, “НТВ Наше Кино”, “РТР Спорт”, “ТНТ”, “СТС”, “МузTV”, “РТР Рассия”, “НТВ Кино хит”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის 1 არხი”, “ტვ 25”, “Romantica”, “Jetix”, “ТВ... Discovery”, “იმედი”, “Ren TV”, “ ДТВ Viasat”, “Animal planet”, “Муз Бох”, “აჭარა”, “МTV”, “I+”, “I სტერეო” - ს რეტრანსლირებას საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელ პირებთან შეთანხმების გარეშე. შემოწმების აქტი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ სკითხთა სამსახურს.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა იხელმძღვანელა “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ისმო-ს ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლისა და მე-14 მუხლის, “ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მიიჩნია, რომ შპს “რიკა” ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარღვევას, კერძოდ ახორციელებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის უკანონო გამოყენებას. შემოწმების აქტში მითითებული არხების არსებობას შპს “რიკას” საკაბელო ქსელში, ხელმოწერით ადასტურებენ მოწმეები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიაში 2006 წლის 7 ივლისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “რიკას” გაფრხილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში შპს “რიკას” მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენელი დოკუმენტაცია, რომელიც გახდებოდა საფუძველი დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს დადასტურებულად მიაჩნია შპს “რიკას” მიერ კანონდარღვევის ჩადენის ფაქტი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაფრთხილდეს შპს “რიკა”, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების მოთხოვნათა შესრულება. “ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ი/ს შპს “რიკას” ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო თორმეტი კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა.
2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “რიკამ” არხების: “EUROSPORT”, “EURONEWS”, “НТВ Кино клуб”, “НТВ + Футбол”, “CNN”, “ОРТ“, “НТВ”, “НТВ Премиера”, “НТВ Наше Кино”, “РТР Спорт”, “ТНТ”, “СТС”, “МузTV”, “РТР Рассия”, “НТВ Кино хит”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის 1 არხი”, “ტვ 25”, “Romantica”, “Jetix”, “ТВ... Discovery”, “იმედი”, “Ren TV”, “ ДТВ Viasat”, “Animal planet”, “Муз Бох”, “აჭარა”, “МTV”, “I+”, “I სტერეო” -ს არამართლზომიერი ტრანსლირება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
