შპს “ახალი ქსელების”, სს “ეგრისის”, შპს “სანეტის”, შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს, შპს “საქართველოს ტელეკომის” და სს “გლობალ ერთის” ერთობლივი განცხადების განხილვისა და “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2006
მიღების თარიღი ივლისი 21, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 17 მარტს კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიიღო დადგენილება N3 “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ”, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 23 მარტს.
2006 წლის 5 მაისს, კომისიას მიმართეს ერთობლივი განცხადებით შპს “ახალმა ქსელებმა”, სს “ეგრისმა”, შპს “სანეტმა”, შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-მ, შპს “საქართველოს ტელეკომმა” და სს “გლობალ ერთმა”, რომლებმაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა.
ერთობლივ განცხადებაში ავტორიზებული პირები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები უნდა შეეხოს რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს, მე-14 მუხლს, მე-20 მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ,
1. ერთობლივი განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, განცხადებები ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიღების შესახებ აღრიცხვაზე აიყვანება და დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბინის მესაკუთრის ან ამ უკანასკნელის მიერ გაცემული ნოტარიულად გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე მოქმედი უფლებამოსილი პირის თანხმობა, საგრძნობლად ართულებს მომსახურების მიწოდების პროცედურას, ვინაიდან უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიღებაც დამატებით დროსა და ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს. შესაბამისად, ერთობლივი განცხადების ავტორები ითხოვენ რეგლამენტის მე-10 მუხლიდან მე-3 პუნქტის ამოღებას.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ერთობლივი განცხადების ავტორების წინადადების დაკმაყოფილება რეგლამენტის მე-10 მუხლიდან მე-3 პუნქტის ამოღების თაობაზე, ვინაიდან იგი მართლაც გაამარტივებს ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიღების თაობაზე განცხადებათა განხილვის პროცედურებს. გარდა ამისა, კომისიას მიაჩნია, რომ ამით არ დაზარალდება ბინის მესაკუთრე, ვინაიდან მას ყველა შემთხვევაში რჩება უფლება დავის წარმოშობის შემთხვევაში სასარჩელო წესით დაიცვას მისი, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესი.
2. ერთობლივი განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი (“მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მომსახურების შეზღუდვის ერთ-ერთ ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ დარღვევის აღმოფხვრას, ხოლო მეორე მხრივ უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლის ინტერესს ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით”) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს უკრძალავს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო ან მობილური სატელეფონო მომსახურებისათვის მისი ან სხვა ოპერატორის დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამავალი და შემავალი ზარების შეზღუდვას მომხმარებლისათვის, რაც, მათი აზრით, დავალიანების ამოღების ერთადერთი რეალური საშუალებაა საქართველოში და ეს წესი გათვალისწინებულია აგრეთვე ოპერატორებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებშიც.
კომისიამ არ გაიზიარა ერთობლივი განცხადების ავტორთა მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე და აღნიშნა, რომ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს ოპერატორს მიიღოს სათანადო ზომები გაწეული მომსახურების დადგენილი ტარიფით დავალიანების ამოღების მიზნით გამოიყენოს შემავალი და გამავალი ზარების შეზღუდვის მეთოდი. კომისიამ ყურადღება გაამახვილა ამავე მუხლის სადაო მე-3 პუნქტის წინმსწრები პირველი და მეორე პუნქტების შინაარსზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ “მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ უშუალოდ ან ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით; მომსახურების შეზღუდვის ფორმები დგინდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით და შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და მობილური კავშირის შეზღუდვას; ბ) შემომავალი ზარის შეზღუდვას; გ) გამავალი ზარის შეზღუდვას; დ) შეზღუდვის სხვა ფორმებს.” რეგლამენტის მე-13 მუხლის სადაო მე-3 პუნქტში კი საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ოპერატორმა ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეზღუდვის ფორმები უნდა გამოიყენოს ისე, რომ უზრუნველყოს დავალიანების აღმოფხვრა, მაგრამ ამავე დროს უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს მომხარებელი მომსახურების მიღებაში.
3. ერთობლივი განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეგლამენტის მე-14 მუხლი, რომელიც ეხება მომსახურების შეწყვეტას, ასევე მიმართულია იქითკენ, რომ შეზღუდოს ოპერატორი გაწეული მომსახურების დადგენილი ტარიფით დავალიანების ამოღების მიზნით გამოიყენოს შემავალი და გამავალი ზარების შეზღუდვის მეთოდი. შესაბამისად, ერთობლივი განცხადების ავტორები ითხოვენ ამოღებულ იქნას რეგლამენტის მე-14 მუხლიდან მე-2 და მე-3 პუნქტები, ხოლო პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 60 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში”.
კომისია აღნიშნავს, რომ რეგლამენტის სადაო მე-14 მუხლი განსაზღვრავს მომსახურების არა შეზღუდვის, არამედ შეწყვეტის პირობებს. ამ მუხლის შესაბამისად, “ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მომხმარებლის მიერ სააბონენტო მომსახურების საფასურის 60 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში. დაუშვებელია ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისაგან სააბონენტო თანხის მიღებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ აბონენტს გააჩნია სხვა მომსახურების დავალიანება. მომსახურების შეწყვეტის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობა. “
კომისიას მიაჩნია, რომ რეგლამენტის მე-14 მუხლით დადგენილია მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტის 2 გარემოება: სააბონენტო მომსახურების საფასურის 60 დღის განმავლობაში გადაუხდელობა, ასევე ნებისმიერი მომსახურების შეზღუდვის სხვა საფუძვლის 90 დღის განმავლობაში აღმოუფხვრელობა მას საშუალებას მისცემს შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება ასეთი მომხარებლისათვის.
იმისათვის, რომ რეგლამენტის მე-14 მუხლით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის პირობები მაქსიმალურად ასახავდეს, როგორც მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის, ისე მომხარებლის ინტერესებს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაზიარებულ იქნას ერთობლივი განცხადების ავტორთა წინადადება, მხოლოდ იმგვარად, რომ მომსახურების შეწყვეტის პირობების აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა მომხარებლისათვის არ შეიზღუდოს. კომისიას მიაჩნია, რომ რეგლამენტის მე-14 მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 14. მომსახურების შეწყვეტა. მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 90 დღეში აღმოუფხვრელობა.”
4. ერთობლივი განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდის მიღების წესს (“მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიწოდებულ ანგარიშს თან დაურთოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის, მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის (წუთობრივად), შემომავალი და გამავალი ზარების ნომრების შესახებ”) “უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრებისა და პირადი სატელეფონო საუბრების საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებას, ვინაიდან შემომავალი ზარების კონტროლის საშუალება არა აქვს აბონენტს და უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ შემომავალი ზარების უცხო პირთა მიერ ნახვის შედეგად დაირღვა სხვათა უფლებები.”
კომისიამ არ გაიზიარა ერთობლივი განცხადების ავტორთა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში და მხოლოდ მას მიაწოდოს მისთვის და არა სხვისთვის გაწეული მომსახურების ანგარიში, რასაც ასევე ამ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა დაურთოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის, მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის (წუთობრივად), შემომავალი და გამავალი ზარების ნომრების შესახებ; ამდენად, რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში საუბარია მომხმარებლის მიერ უშუალოდ მიღებული მომსახურების, მათ შორის შემავალი ზარებით მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე და არა სხვათა პირადი ცხოვრების ან სატელეფონო საუბრების საიდუმლოების ხელყოფაზე. ერთობლივი განცხადების ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უშუალოდ მომხმარებლის მიერ მიღებული შემომავალი და გამავალი ზარებით მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მოთხოვნა, მისი კანონიერი ინტერესი და უფლებაა.
2006 წლის 21 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, ერთობლივი განცხადების ავტორებმა განაცხადეს, რომ თუ შემავალი ზარების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის მიწოდების ვალდებულება დარჩება რეგლამენტით გათვალისწინებული, მაშინ სასურველია, რომ ეს ინფორმაცია იყოს ფასიანი და მომსახურების მიმწოდებელს უფლება ჰქონდეს დაადგინოს მის გასაცემად შესაბამისი ტარიფი. კომისიის მიერ აღნიშნული მოთხოვნა გაზიარებულ იქნა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ერთობლივი განცხადების ავტორებმა კომისიას 2006 წლის 26 ივნისს მიმართეს ერთობლივი განცხადებით, რომელშიც მოითხოვეს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების – “3 თვის ვადაში ძალაში შესულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ მომხარებლებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები”, - შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევა, რაზედაც ეცნობათ, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი”, რომელიც დამტკიცდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის მე-3 დადგენილებით, გამოქვეყნდა და ძალაშია 2006 წლის 23 მარტიდან. მათ მიერ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2006 წლის 5 ივნისს ერთობლივი განცხადების შეტანა კომისიაში, არ აჩარებს მის მოქმედებას. ამასთან, კომისია არ არის უფლებამოსილი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევა მიიჩნიოს საპატიოდ. ერთობლივი განცხადების ავტორები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით დაიცვან საქართველოს მოქმედი ანუ იურიდიული ძალის მქონე კანონმდებლობის მოთხოვნები. ამასთან, ერთობლივი განცხადების ავტორებს ეცნობათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას მათ მიერ მოთხოვნილი ცვლილებების “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” შეტანის თაობაზე და ეს ცვლილებები ზეგავლენას მოახდენდა მათ მიერ მომხმარებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, მათ განესაზღვრებოდათ დამატებითი ვადა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს “ახალი ქსელების”, სს “ეგრისის”, შპს “სანეტის”, შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს, შპს “საქართველოს ტელეკომის” და სს “გლობალ ერთის” ერთობლივი განცხადება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ” რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით;
2. დაკმაყოფილდეს შპს “ახალი ქსელების”, სს “ეგრისის”, შპს “სანეტის”, შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს, შპს “საქართველოს ტელეკომის” და სს “გლობალ ერთის” ერთობლივი განცხადება ნაწილობრივ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-14 მუხლთან დაკავშირებით;
3. არ დაკმაყოფილდეს შპს “ახალი ქსელების”, სს “ეგრისის”, შპს “სანეტის”, შპს “ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ს, შპს “საქართველოს ტელეკომის” და სს “გლობალ ერთის” ერთობლივი განცხადება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ” რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) მოამზადოს დადგენილების პროექტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნება რეგლამენტის მე-10 მუხლიდან მე-3 პუნქტი;
ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
“მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 90 დღეში აღმოუფხვრელობა.”
გ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის თაობაზე უფასოა, გარდა გამავალი ზარების ნომრების შესახებ ინფორმაციისა, რაზეც მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი ტარიფი.”
დ) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაფიქსირებული სამთვიანი ვადა შეიცვლება 2006 წლის 1 ოქტომბრამდე ვადით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი
წევრი დავით პატარაია
წევრი გიორგი ფრუიძე
წევრი ზურაბ ნონიკაშვილი
