შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2006
მიღების თარიღი იანვარი 24, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2006 წლის 24 იანვარს განიხილა შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული სადავო საკითხები.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.
კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები ორ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
1. ქ.ფოთში სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” კომისიის მიერ მინიჭებული ნუმერაციის რესურსის შპს “ახალი ქსელების” მიერ გამოყენების აკრძალვის შესახებ;
2. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ქუთაისის ფილიალის მიერ შპს “ახალი ქსელებისთვის” იჯარით გადაცემული დაზიანებული სახაზო-საკაბელო წყვილების აღუდგენლობის და მაგისტრალური კაბელების გადაჭრის საკითხი;
კომისიის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა პ.ბერიამ მოითხოვა დავის განხილვაში ჩართვა, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, გამომდინარე იქედან, რომ მის სახელზე შემოსულია ქ.ქუთაისში მცხოვრებ მომხმარებელთა განცხადებები სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის გამო და მიაჩნია, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უშუალო გავლენას მოახდენს ქ.ქუთაისის მომხმარებელთა ინტერესებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი უფლებამოსილია დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა კომისიის სხდომის გადადება იმ მიზნით, რომ გაეცნონ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნებს და მასთან არსებულ მასალებს.
“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჩართული იქნას შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი პ.ბერია მხარედ;
2. ეთხოვოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს პ.ბერიას უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნების და მასთან არსებული მასალების გაცნობა შპს „ახალ ქსელებისა“ და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებისთვის 2 დღის ვადაში;
3. დაინიშნოს შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2006 წლის 27 იანვარს 1600 საათზე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
