წვდომის მენიუ

შპს „სტარკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 339 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2006

მიღების თარიღი ივლისი 28, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 21 ივლისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სტარკომმა” (21.07.2006 №6/547-06) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტარკომ”-ს კომისიის 2005 წლის 18 თებერვლის №102/13 გადაწყვეტილებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მინიჭებული აქვს 12.317-12.906 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქ.თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, რაიონებში №1372 ლიცენზიის მოქმედების ვადით 13.08.2013 წლამდე.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

”საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისათვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხის მომზადების და შპს ”აიეტის” N1 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006.04.28 №178/2 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”სტარკომს”-ს ეცნობა, რომ მის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში მიეცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ”სტარკომმა” 2006 წლის 1 ივნისს გაიარა ავტორიზაცია კომისიაში (რეგისტრაციის №119/1). ამავე დროს, შპს ”სტარკომი”-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”სტარკომზე” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა

             „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F 26 ლიცენზია შპს ”სტარკომს” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12.317-12.906 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ფიქსირებული, უსადენო დაშვების ქსელის ფუნქციონირებისათვის ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, რაიონებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 28 ივლისამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).

კომისიის წევრები:                                          დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები